არაბი პრინცესას გაუჩინარების ამბავი, რომელიც გაქცევისთვის 7 წელი ემზადებოდა
ბევრი გოგონას ოცნებაა ოქროს გალიაში აღმოჩენა, სადაც მას დიდი რუდუნებითა და მოწიწებით მოეპყრობიან, მასზე იზრუნებენ და გაანებივრებენ, თუმცა ჩვენი ამბის გმირი პირიქით, ამ გალიიდან ცდილობდა თავის დაღწევას. იგი არაბი შეიხის ოჯახში დაიბადა, მაგრამ აღმოსავლური ზღაპარი კოშმარად გადაექცა.
"ამ ვიდეოს თუ უყურებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ან ცოცხალი აღარ ვარ, ან ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი," - ასე იწყება 32 წლის არაბი პრინცესას, ლატიფას ვიდეომიმართვა, რომელიც ამა წლის თებერვალშია ჩაწერილი საკუთარი მამის, შეიხ მუჰამედ ალ მაკტუმის სასახლიდან გაქცევამდე ერთი-ორი დღით ადრე.
კადრში გოგონას უბრალო ცისფერი მაისური აცვია, მაკიაჟის გარეშეა და თმაც სახელდახელოდ აქვს აწეული. ამ კადრის მიხედვით ძნელია იმის წარმოდგენა, რომ გოგონა უმდიდრესი შეიხის ქალიშვილია. ამის შემდეგ გოგონა მთელი 40 წუთი საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა სასახლიდან გაქცევა.
ძნელი დასაჯერებელია ყოველივე ის, რაზეც გოგონა საუბრობს - სასტიკი მამა, მისი სისხლში გასვრილი ხელები, მემკვიდრეობის დაკარგვის შიშით გულგაციებული გულგრილი ნათესავები, მრავალი დამცირება და ტკივილი. ნუთუ მართლა ასე ცხოვრობენ აღმოსავლეთის პრინცესები?
გოგონას თქმით, მისი ცხოვრება საერთოდ არ ჰგავს ზღაპარს, მამა სასტიკად ექცევა, შვილს კომენდატის საათი დაუწესა, აუკრძალა მარტო მოგზაურობა და საერთოდ, უარი უთხრა უამრავ ისეთ რამეზე, რაც ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, იქნება ეს აზრის თავისუფლება, არჩევნები თუ კიდევ ბევრი სხვა რამ.
ქვეყნის სპეცსამსახურები დაახლოებით ნახევარი წელიწადი ცდილბდნენ საიდუმლოდ შეენახათ გოგონას გაუჩინარების ამბავი, თუმცა ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ამის შესახებ ყველამ გაიგო.
შემოგთავზებთ ამ საქმის ირგვლივ არსებულ ინფორმაციას
არა პირველი
კარგი იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რას წარმოადგენს პრინცესა ლატიფა, ვინ არის და რას აკეთებდა, თუმცა სოციალურ ქსელებში ამის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება, ისევე , როგორც გოგონას ფოტოები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის არ გახლავთ ემირის ერთადერთი ქალიშვილი, რომელმაც სასხლიდან გაქცევა სცადა. 2000 წელს იგივე გააკეთა ლატიფას უფროსმა დამ შამსუმ. არდადეგებზე, დიდ ბრიტანეთში, გოგონამ მოახერხა მამის მამულიდან გაქცევა, თუმცა ორ თვეში იგი იპოვეს, ძალით დაალევინეს ფსიქოტროპული პრეპარატები და კერძო თვითმფრინავით სამშობლოში, მამის სასახლეში დააბრუნეს.
მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ახალგაზრდა გოგონა გადაიქცა ქალბატონად, რომელსაც წაართვეს უფლება ეცხოვრა სრულფასოვანი ცხოვრებით. წლების განმავლობაში გოგონა ოთახში მარტოა გამოკეტილი დაცვისა და მედ პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ.
სწორედ შამსუს გაქცევამ უბიძგა ლატიფას მამის მარწუხებიდან დაეღწია თავი და საამისოდ აქტიური მოქმედებებიც დაიწყო, თუმცა იგი საზღვარზე დააკავეს. იგი დასაჯეს და სამი წლითა და 4 თვით აღუკვეთეს თავისუფლება. გოგონა არა სახლში, არამედ ნამდვილ ციხეში მოათავსეს, ფანჯრებისა და შუქის გარეშე. მას ამცირებდნენ და აწამებდნენ, მამის ბრძანებით უმოწყალოდ სცემდნენ.
კიდევ ერთი მცდელობა
ახალ გეგმას ლატიფა 7 წლის განმავლობაში ამზადებდა. ამ დროის განმავლობაში მან 400 000 დოლარი შეაგროვა. მან კარგად იცოდა, რომ მის დახმარებას ვერავინ შეძლებდა, დებსა და ძმებს მისი მდგომარეობა უბრალოდ არ აინტერესებდათ. ერთადერთი, ვისაც მისი დახმარება შეეძლო, მისი მეგობარი და ამავდროულად მწვრთნელი, ტინა გახლდათ.
მისის მეორე თანამოაზრე ფრანგი ერვე ჟობერი გახდა, ყოფილი ოფიცერი, რომელიც დუბაიში ბიზნესმენად გადაკვალიფიცირდა. იგი იძულებული იყო, ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო, 2008 წელს ემირატები დაეტოვებინა. ეტყობა საქმე ძალიან სერიოზულად იყო, რადგან მამაკაცს ქალის ტანსაცმელში უწევდა დამალვა. ასე შენიღბულმა მან მოახერხეა გემზე შეღწევა და თავი ინდოეთს შეაფარა.
როდესა ლატიფამ ამ ისტორიის შესახებ გაიგო დაუკავშირდა მამაკაცს და დახმარება სთხოვა. გოგონა ჟობერს 7 წელიწადი ეკონტაქტებოდა, მათ მიმოწერა ჰქონდათ და გაქცევის გეგმაზე მუშაობდნენ, შეხვედრით კი მხოლოდ ერთხელ, გაქცევის დღეს შეხვდნენ.
დღე X
2018 წლის თებერვლის ბოლოს, საუზმის შემდეგ, ლატიფა და მისი მწვრთნელი მანქანით ომანისკენ გაემგზავრნენ, სადაც მათ ჰიდროციკლები ელოდებოდათ. დიდი ტალღების წყალობით მათ გაცურეს 42 კილომეტრი და ჟობერის იახტაზე აღმოჩნდნენ. მისი პატარა ხომალდი, ამერიკის დროშით დამშვენებული, ინდოეთის ოკეანის თავისუფალ წყლებში იმყოფებოდა.
გეგმის მიხედვით მათ გოამდე უნდა მიეღწიათ. გზად ლატიფა ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ყურადღების მიქცევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. შეიხის ხალხმა, კი მიაგნო მათ კვალს და ცდილოდბდა რადიკალური ზომების მიღებას.
ინდოეთის სანაპიროდან 50 მეტრში მათ კატერი დაეწია. მორიდების გარეშე ჩაავლეს შეიხის ქალიშვილს ხელი თმაში, ერთი ორი კარგადაც უთავაზეს, რათა ზედმეტი არ ემოძრავა. გოგონას თანამზრახველებიც დააკავეს, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. მათ აიძულებდენენ ეღიარებინათ, რომ ადამიანის გატაცებას ცდილობდნენ და სამუდამო პატიმრობით და სიკვილითაც კი ემუქრებოდნენ.
"მამაჩემი ყველაზე საშინელი და ბოროტი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ"
საინტერესოა, ვინ არის ეს მუჰამედ იბნ ალ მაკტუმი, ვისაც ასე გაურბოდნენ საკუთარი ქალიშვილები? ის საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთი პატივსაცემი ადამიანია და მოსახლეობა უკვე ემზადება მისი 70 წლისთავის აღსანიშნავად მომავალ წელს. შეიხის სახელს უკავშირდება ყველაფერი, რაც ასოცირდება დუბაისთან.
შეიხს 3 ცოლი, 9 ვაჟი (ერთი 33 წლის ასაკში გარადაეცვალა გულის შეტევით) და 14 ქალიშვილი ჰყავს. მისი ქონება რამდენიმე მილიარდ დოლარადაა შეფასებული. იგი ემირატების პრემიერ მინისტრი და ვიცეპრეზიდენტია. ასევე გულუხვი მეცენატია, ცხენოსნობისა და პოეზიის დიდი მოყვარული. ჟურნალისტების თქმით, მოსიყვარულე და მზრუნველი მამა და ქმარი.
რაც შეეხება ლატიფას, მის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი, თუმცა მისი გაუჩინარებიდან 10 თვეა გასული. საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციები მოითხოვენ შეიხისაგნ გამოვიდეს კავშირზე და აუწყოს ყველას, რა ბედი ეწია მის ქალიშვილს, თუმცა დუბაის ოფიციალური სამსახურები იუწყებიან, რომ ლატიფა ოჯახს დაუბრუნდა და ყველაფერი კარგად აქვს, რისი დაჯერებაც ცოტა რთულია.