"რეალურად არ არის საჭირო, მოსწავლეს რამე დააზუთხებინო, პირველ რიგში ინტერესი უნდა გაუღვივო. შეიძლება მოსწავლემ ყველაფერი ისწავლოს, მაგრამ საგანი არ აინტერესებდეს" თბილისის 52-ე საჯაროს სკოლის მოწავლე ლევან თეთრაული, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გადაცემა "წიგნების თაროდან" გახდა, ახლა უკვე პირველი კურსის სტუდენტია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალზე სწავლობს.
მას შემდეგ, რაც გადაცემაში ლევანმა სეზონის რეკორდი დაამყარა და ერთ წუთში 20 შეკითხვას გასცა სწორი პასუხი, ბევრი თანატოლისთვის და არა მხოლოდ მათთვის, მისაბაძი მაგალითი გახდა და მისი თამაშის ამსახველი ვიდეო სრულიად საქართველომ აიტაცა.
ნახეთ ვიდეო:
როგორც mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში თავად აღნიშნავს, სკოლის ასაკიდანვე ჰუმანიტარული საგნები იზიდავდა და როგორც ბავშვების უმრავლესობას, მშობლების შეძახება სწავლის დროს მასაც სჭირდებოდა.
- როგორ სწავლობდი სკოლაში? - შენი მშობლები იმ მშობლების კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, ყოველ ღამე რომ იბარებდნენ გაკვეთილებს?
- ნიჭიერი ზარმაციაო, რომ ამბობენ, ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. თუმცა თვლიან, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საგნებს ვარჩევდი სწავლის დროს, შეიძლებოდა საგანი მასწავლებლის გამო არ მესწავლა, იყო ასეთი შემთხვევებიც. სკოლაში რომ მივედი, ჰუმანიტარული საგნების მიმართ მქონდა ინტერესი. ისტორია მიყვარს ძალიან და ქართული ლიტერატურა. ტექნიკური საგნები არ მიყვარდა. მათემატიკის სწავლა არ შემეძლო, სხვა საგნებს რომ ათებზე ვსაწვლობდი, მათემატიკაში ყოველი წლის ბოლოს კათედრასთან ვიდექი და ვითხოვდი, იქნებ 5-იანი მაინც გამომყვეს-თქო. ზოგადად, ვიყავი მოტივირებული, მაგრამ მშობლების შეძახებაც მჭირდებოდა. ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ ბავშვებს სურვილი აქვთ იხალტურონ ცოტა, რაღაცას გვერდი აუქციონ, ამიტომ უფროსები მეხმარებოდნენ, რომ სწავლისთვის ზურგი არ შემექცია. ყოველ ღამე არ იბარებდნენ გაკვეთილებს, მაგრამ, როცა იბარებდნენ, მძიმედ მახსენდება (იცინის).
- გამოდის ,მასწავლებლის გამო, საგნის მიმართ ინტერესი დაგიკარგავს...
- დიახ, ასეა. ვთვლი, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებელი, რომ საგანი შეგაყვაროს და მისი სწავლის სურვილი გაგიჩინოს.
- როგორ მოხვდი "წიგნების თაროში"?
- გადაცემაში ჩემი ქართულის მასწავლებლის, ჩემი დამრიგებლის ინიციატივით მოვხვდი და ვფიქრობ, რომ ამაზე კარგი ჩემთვის არ გაუკეთებია არავის. მანამ ვუყურებდი "წიგნების თაროს", თუმცა სურვილი არ მქონია, მე თვითონ მიმეღო მონაწილეობა, ფაქტობრივად ძალით ჩამწერეს. თამაში რომ მინდოდა, რეალურად მაშინ მივხდი, როცა ვიგებდი და განვიცადე ეს რა მაგარი გრძნობა იყო.
- ერთ დღეს, უცებ გახდი პოპულარული, რა შეიცვალა შენთვის?
- ეს ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის, რადგან მუდმივად მწერენ, მკითხულობენ და მეკითხებიან რა ხდება ჩემკენ, კიდევ ხომ არ ვაპირებ რამეს და ტელევიზორში ჩემ გამოჩენას ელოდებიან.
- ძალიან ბევრს კითხულობდი და კითხულობ... შენი ფავორიტი ჟანრი რომელია?
- როცა დავიწყე კითხვა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიულ ვერნიმ, შემდეგ მას მოჰყვა მაინ რიდი. ზოგადად, მიყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკით შეზავებული, სათავგადასავლო, მოგზაურობის შესახებ დაწერილი ამბები. ვკითხულობდი ასევე ისტორიულ რომანებს, ახლა ფილოსოფიით ვარ გატაცებული.
- რატომ გადაწყვიტე სამართალზე სწავლა?
- სემინარზეც დამისვეს ეს კითხვა და ასე ვუპასუხე: ჩემი თავის წამება მიყვარს-მეთქი. რეალურად მომწონს სამართალზე სწავლა, მუდმივი აზარტია ჩემთვის, მუდმივი ბრძოლაა. ადვოკატობა მინდა, კერძო სამართლის მხრივ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. სამართალი არის ის ფერო, რომელშიც მე ვხედავ ჩემს თავს, ვფიქრობ, რომ სხვა ვერცერთ პროფესიას ვერ მოვერგები ისე, როგორც იურისტობას. რომ არა მათემათიკის ფაქტორი, უფასოზე მოვხდებოდი, საბოლოოდ 70% - იანი გრანტით ჩავირიცხე უნივერსიტეტში.
- როგორია შენთვის კარგი მასწავლებელი? რეპეტიტორებთან დადიოდი?
- ვისაუბრებ, ჩემთვის იდეალური მასწავლებლის მაგალითზე, ბოლო წლებში ვინც მასწავლიდა ქართულს, ლელა ფონჯავიძეს ისეთი ტიპის გაკვეთილები ჰქონდა, როგორიც "მკვდარი პოეტების საზოგადეობაშია". მისი გაკვეთილები ყოველთვის იყო ინტერაქციული, მოსწავლეზე მორგებული და ძალიან პროდუქტიული. ეს კი გადამწყვეტი ფაქტორია, იმიტომ, რომ რეალურად არ არის საჭირო, მოსწავლეს რამე დააზუთხინო, პირველ რიგში ინტერესი უნდა გაუღვივო. შეიძლება მოსწავლემ ყველაფერი ისწავლოს, მაგრამ საგანი არ აინტერესებდეს. მე პირადად ისტორიამ, როგორც საგანმა ისე დამაინტერესა. რეალურად სკოლის დანიშნულება, ჩემი აზრით, არის, მოსწვლეებში ინტერესის გაღვივება, რა უნდა ვისწავლოთ და რატომ უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება რეპეტიტორების თემას, დიახ, დამჭირდა მათთან მომზადება უნივერსიტეტში რომ ჩამემებარებინა, ძალიან დამეხმარნენ, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით ვერ ჩავაბარებდი.
- ხშირად აღნიშნავენ, რომ ქართველი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა დიდი ნაწილი დიპლომისთვის აბარებს უნივერსიტეტში და რომ მათი დამოკიდებულება სწავლის მიმართ არის ზერელე. შენს რას ფიქრობ?
- ძალიან ცუდია ასეთი დამოკიდებულება, რადგან ეს პროფესიონალიზმის ხარისხზე პირდაპირ მოქმედებს. დაახლოებით 60% აბიტურიენტების მხოლოდ იმიტომ აბარებენ, რომ სტუდენტები ერქვათ და ნათესავებში იამაყონ, რომ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. უმაღლესი სასწავლებლების დამთავრებაზეა ძალიან დიდი მოთხოვნა ქვეყანაში, თუ რამ გამოიწვია, ეს სხვა საკითხია და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. მინდა აღვნიშნო, რომ ნაკლებად ექცევა ყურადღება პროფესიულ სასწავლებლებს. უნდა იყოს პროფსასწავლებლები, რომლებიც პროფესიას შესძენს ახალგაზრდებს და მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ირიცხება უნივერსიტეტებში და ერთი კონკრეტული ფაკულტეტი, რომ ავიღოთ, არ მგონია, რომ 400 სტუდენტიდან ოთხასივე იყოს მოწოდებით იურისტი და დაიხარჯოს ამ პროფესიაში. ხშირად პრობლემაა თვითონ ისიც, ვინ რატომ ირჩევს პროფესიას. ხშირად მოდის გამო ანიჭებენ უპირატესობას პროფესიას და სინამდვილეში ამ პროფესიასთან ვერავითარ კავშირს ვერ ხედავენ.
- გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში მიიღო კარგი განათლება, შენი აზრით, კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ გახდე შენს პროფესიაში წარმატებული?
- აქტიური უნდა იყო. უნდა ჩაერთო სხვასდასახვა პროექტში. მუდმივად იფიქრო საკუთარი თავის განვითარებაზე და რეალიზაციაზე.
- სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება არ გიფიქრია?
- დიახ, ვფიქრობ, გერმანიას ვუმიზნებ, რადგან გერმანული სამართლის მოდელი გვაქვს ჩვენს. ძალიან კარგი იქნება სასწავლებლად გერმანიაში ყოფნა, არ ვგულისხმობ სამუშაოდ წასვლას და იქ დარჩენას. გერმანიიდან როცა ჩამოდიხარ ნასწავლი, კონკურენციას უფრო მეტად უწევ სხვებს.
- რას ურჩევ თანატოლებს, ბავშვებს, რატომ უნდა იკითხონ წიგნები?
- რეალურად წიგნების დამსახურებაა ის, რომ მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მარტივი ფორმულირება რომ მოვახდინო, ვიტყვი, რომ შენ ხარ იმ ხუთი ადამიანის საშუალო არითმეტიკული, რომლებთანაც გაქვს ურთიერთობა. უდიდესი მოაზროევნეების ნააზრევს იაზრებ და იზიარებ.
- დაგვისახელე შენი რჩეული ავტორები და წიგნები...
- როცა საყვარელ ავტორს მეკითხებიან, უპირობოდ ვაჟას ვასახელებ. რაც შეეხება კონკრეტულ წიგნს, რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" - ეს არის ჩემი უსაყვარლესი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ რემარკი არ არის ჩემი რჩეული ავტორი. ნაწარმოები პირველ მსოფლიო ომს შეეხება და მასში ბევრი საინტერესო ნიუანსია... რჩეული ავტორებიც და წიგნებიც იცვლება დროსთან და ვითარებასთან ერთად. ერთი ავტორი ვისაც ჰყავს აკვიატებული, ეგეთი ხალხის არ მესმის.
- თანამედრვე ქართველ ავტორებს თუ ეცნობი?
- რა თქმა უნდა, ვეცნობი. თამედროვე ავტორებიდან ჩემთვის უპირობო რჩეულია აკა მორჩილაძე. ასევე მომწონს ალექსანდრე ლორთქიფანიძისა და ტორესა მოსის წიგნებიც. ბოლოს რაც წავიკითხე და ძალიან დამამახსოვრდა, ეს არის ბექა ქურხულის "სკანდარა" . ბექა დაუფასებელ მწერლად მიმაჩნია, იმიტომ, რომ არ არის პატარა მწერალი და ვისაც კი ეჭვი ეპარება, უნდა წაიკითხონ მისი "სკანდარა".
რუსკა კილასონია