2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით მკურნალობდა 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი.
პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის გამო ფიზიკური პირი – 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი -200 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 დეკემბრის სხდომაზე, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების სახით დარეგისტრირდა.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი აღნიშნავს, ხვალ დაიწყება პნელარულ სხდომაზე პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის აკრძალვის შესახებ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვა და მისი ვარაუდით, კანონი ახალ წლამდე შევა ძალაში.
"კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში არასრულწლოვანი პირების თავისუფალი წვდომის შეზღუდვა პიროტექნიკურ ნაკეთობებზე, რაც საფრთხის შემცველია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის. პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომა რომ საშიშია მათი უსაფრთხოებისთვის, მრავალგზის დადასტურდა სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქების ან აალების შედეგად არასრულწოვანების მიერ მიღებული სხეულის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანების ფაქტებით. 2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით მკურნალობდა 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც არეგულირებს პიროტექნიკური ნაკეთობების მარკირებისა თუ გაყიდვის წესს. საერთაშორისო გამოცდილებით, პიროტექნიკური საშუალებები იყოფა ფეიერვერკებად, თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკურ საშუალებებად და პიროტექნიკურ საშუალებებად, რომელიც არ მიეკუთვნება ფეიერვერკს ან თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკას. სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციები აწესრიგებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პიროტექნიკის პროდუქციის ბაზარზე ხელმისაწვდომობა, მწარმოებლის, იმპორტიორისა და დისტრიბუტორის უფლება-მოვალეობები, მარკირებასა და შეფასება და ა.შ. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვა 18 წლამდე პირებისთვის იკრძალება. პიროტექნიკური ნაწარმის გაყიდვის, ფლობისა და გამოყენების წესის დარღვევა ისჯება კანონით, ჯარიმა შეადგენს 5000-მდე ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვის ვადით. ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 წლამდე პირთათვის სამომხმარებლო ფეიერვერკის მიყიდვა ან გაცემა აკრძალულია ფედერალური კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი დასაქმებულია სამომხმარებლო პიროტექნიკის რეალიზაციის ობიექტზე და მას ზედამხედველობას უწევს ობიექტის სრულწლოვანი თანამშრომელი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საკანონმდებლო რეგულირებას მოითხოვს არის პიროტექნიკური ნაკეთობების შეძენაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზაშეწონილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანზე მიყიდვისათვის. ვფიქრობთ, რომ კანონი ახალწლამდე ამოქმედდება".
რუსკა კილასონია