"ძალადობა სწავლებისთვის საჭირო ნორმად არ მივიჩნიოთ.
ცეკვის მასწავლებლის მხრიდან ბავშვზე შესაძლო ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტზე ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შსს-ს გამოძიების დაწყებისა და ფაქტის შესწავლის მიზნით მიმართა.
როგორც mshoblebi.ge -სთან საუბარში იურისტი ანა არგანაშვილი აღნიშნავს, კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება მასწავლებლის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო ძალადობას.
"დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ვიტყვი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვქონდა მასწავლებლის მხრიდან ბავშვზე სავარაუდო ძალადობასთან. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო თუ არა ფიზიკური ძალადობა, ემოციური, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტიც კი საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის, რომ სამართალდამცავებისთვის და სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიგვემართა.
რასაც არ უნდა ასწავლიდეს მასწავლებელი, ეს იქნება ცეკვა თუ სპორტი, დაუშვებელია ბავშვების ღირსების შელახვა და მათზე ცუდი მოპყრობა. აქვე უნდა მივანიშნოთ სახელწიფოს, რომ დროა თავის ვალდებულება იგრძნოს სხვადასხვა სასწავლო წრეების მიმართ. არ შეიძლება ბავშვებს ასწავლიდნენ არაკვალიფიციური პირები. როცა ადამიანს კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, ის იყინებს ძალადობის ფორმებს, მსგავსი ქმედება მხოლოდამხოლოდ კვალიფიკაციის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელი მშობლების დამოკიდებულებაა, მათ არ უნდა მისცენ შვილების ჩაგვრის უფლება არავის და ძალადობა სწავლებისთვის საჭირო ნორმად არ მიიჩნიონ.
- პირადად ჩვენ არ გვქონია აქამდე შემთხვევა მასწავლებლის მიერ გამოვლენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო. ამის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებაში ექნებათ.
- ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სახის მტკიცებულებები გამოვლინდება საქმეში. როგორც უკვე აღვნიშნე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერც ბავშვის და მასწავლებლის ვინაობას ვერ გავამხელთ.
ინფორმაციისთვის, 13 დეკემბერს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.
რუსკა კილასონია