რას გვიმზადებს ტახის წელი და როგორ შევეგებოთ მას აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2019 წელს ტახის წელი შემობრძანდება. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისთვის სასურველი მასპინძლები ვიყოთ. რას გვიმზადებს ტახის წელი და როგორ შევეგებოთ მას, ამის შესახებ ფებშუისტი ეკატერინე კვარაცხელია გვესაუბრა.
რას გვიმზადებს 2019 წელი
2019 წელი ჩინური ჰოროსკოპით გახლავთ ტახის წელი, ხოლო იაპონური ჰოროსკოპით ღორის წელი. მინდა აღვნიშნო, რომ 2019 წელი იქნება ძალიან პოზიტიური და წარმატებული წელი. საუკეთესო წელი იქნება ქორწინების მხრივ. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთში ტახი არის სიმდიდრის და ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლო. ამიტომ ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს წლის მიხედვით ტახი პირდება მატერიალურ კეთილდღეობას. განსაკუთრებით კარგი წელია თავად ტახებისთვის, რადგან ფავორიტები არიან. ეს წელი კარგია ვეფხვებისთვის, კურდღლებისთვის და თხებისთვის. ტახს ოპოზიციაში ჰყავს გველი, აქედან გამომდინარე გველის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის ეს წელი იქნება მოულოდნელობებით სავსე. მე არ ვამბობ, რომ მათთვის ცუდი წელი იქნება, პირიქით, იქნება კარგი წელი, უბრალოდ მოულოდნელობებით აღსავსე და ცვალებადი.
ქორწინება, ოჯახი
თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ეს წელი საუკეთესო იქნება ქორწინებისთვის. ვურჩევ ყველა ნიშანს, თუ ვინმეს ჰყავს თავისი რჩეული, ფიქრობს დაოჯახებას, წელს მიიღონ დაოჯახების და თანაცხოვრების გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს წელი ძალიან იღბლიანი იქნება ყველა ახალდაქორწინებულისთვის. გარდა ამისა, ეს წელი ძალიან კარგია შობადობისთვის.
როგორ მოვიპოვოთ ტახის კეთილგანწყობა
ტახის კეთილგანწყობა, რომ მოვიპოვოთ, შეგვიძლია თილისმად ვიხმაროთ ვეფხვის გამოსახულების გულსაკიდი, რადგან ტახს ძალიან ხიბლავს ვეფხვი, მისი სილამაზე, მოქნილობა. ამას განსაკუთრებით ვურჩევ ტახის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს. ტახი გახლავთ ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის თორმეტივე ციკლს გადის და ტახით სრულდება ეს ციკლი. მიუხედავად იმისა, რომ ტახი ჩვენდამი არის პოზიტიური, ამავე დროს აქვს თავისი მოთხოვნები. ის სჯის ადამიანებს, თუ მათ ეს 12-წლიანი ციკლი არასწორად გაიარეს. ეს ეხება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, განსაკუთრებით კი გველებს, ვინაიდან როგორც გითხარით, გველი ოპოზიციაშია ტახთან. ეს ეხებათ თავად ტახებსაც, რადგან მათ ახასიათებთ თვითგანადგურების მექანიზმის ჩართვა. ის თავისთავს ყველაზე კარგად სჯის, ვიდრე მას დასჯიდა სხვა.
პოლიტიკა
მშვიდი და სტაბილურია. რელურად ტახი შემოდის 2019 წლის 5 თებერვალს, მანამდე ჩვენ ისევ გვაქვს მიწის ძაღლის წელიწადი, რომელსაც მოაქვს აგრესია. ნახავთ, როგორ წავა პოლიტიკური სიტუაცია. როგორ დასტაბილურდება მდგომარეობა. ადამიანებში მოიმატებს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთდათმობის ტენდენცია.
წლის მთავარი ფერები გახლავთ ყვითელი, ოქროსფერი, თეთრი, ვერცხლისფერი და მწვანე. მოდაში შემოდის ბრჭყვიალა ფერი, რადგან ტახს ძალიან უყვარს ბრჭყვიალა ფერები. მინერალებიდან კარგია და წლის ქვა გახლავთ ფირუზი.
ტახი არის ძალიან ტრადიციული ნიშანი, უყვარს ტრადიციები და პატივს სცემს მათ. აქედან გამომდინარე ტახი ჩვენგან ითხოვს, რომ ახლა წელს შევხვდეთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად.
მერი ბლიაძე