ევროპულ ბაზრებზე საქართველოდან ექსპორტირებული მომწამვლელი ნივთიერებების შემცველი თხილი აღმოაჩინეს ევროპულ ბაზრებზე საქართველოდან ექსპორტირებული მომწამვლელი ნივთიერებების შემცველი თხილი აღმოაჩინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მეტრეველმა განუცხადა, 2009 წლის განმავლობაში, ევროპულ ბაზრებზე საქართველოდან ექსპორტირებულ თხილში ალფატოქსინის შემცველობის აღმოჩენის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ეს მომწამვლელი ნივთიერება იმ შემთხვევაში გროვდება, თუ თხილი არასაკმარისად არის გამომშრალი და ლპობის პროცესია დაწყებული. მეტრეველის განცხადებით, ალფატოქსინი განსაკუთრებით საშიში ნივთიერებაა და პროდუქტში მისმა მაღალმა შემცველობამ ბავშვებში შესაძლებელია სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
მაია მეტრეველის ინფორმაციით, ვიდრე გასულ წელს აღნიშნული შემთხვევები დაფიქსირდებოდა, საქართველო ევროპის ბაზრებზე ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიანი და უსაფრთხო თხილის მიმწოდებელ ქვეყნად ითვლებოდა, თუმცა, ამ ფაქტების შედეგად ნდობის ფაქტორი შემცირდა და საქართველოდან ექსპორტირებულ თხილზე კონტროლი გამკაცრდება. მეტრეველის განცხადებით, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სურსათის უვნებლობის სამსახური საექსპორტო საქონელზე კონტროლს გაამკაცრებს.
სურსათის უვნებლობის სამსახურში ეჭვობენ, რომ მომწამვლელი ნივთიერების შემცველი უხარისხო თხილი საქართველოში აზერბაიჯანიდან მოხვდა.