"საშინლად მენატრები და დაბადების დღეს გილოცავ"
განო მელითაური ბებიას ემოციურ პოსტს უძღვნის.
"დღეს, ბევრი წლის წინ, ეს საოცარი ქალი მოევლინა სამყაროს, მთელი ცხოვრება სხვებზე ზრუნვაში გაატარა, საბჭოთა კავშირის მასტაბით საუკეთესო პედიატრს ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე და მომადლიერებული პაციენტები სიცოცხლის ბოლო წლებამდე მოწიწებით და სიყვარულით მოიხსენიებდნენ, მაგრამ სამარცხვინო წინა მთავრობის პირობებში 45-წლიანი სტაჟის მიუხედავად სამასხურიდან გამოისტუმრეს. სიფრიფანა, კეთილი და დაზე, დისშვილებზე, შვილიშვილებზე, შვილთაშვილებზე გადაყოლილი ციალა ბებო. მთელი ბავშვობა სიცოცხლეს რომ ვუმწარებდით ცელქობით და გაუაზრებელი უმადურობით....
ჩუმი, ნათელი და საოცარი. ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, სამოსის და დიზაინის სიყვარული ალბათ მისგან გამომყვა, სიხარულით მატანდა ხოლმე რუდუნებით შემონახულ ხელნაკეთ კაბებს და კოსტიუმებს და მეც ძვირადღირებულ ბრენდებს ყოველთვის მერჩივნა. გიჟდებოდა, როდესაც ტელევზორში მისი ტანსაცმლით დამინახავდა, უბადლო გემოვნება ჰქონდა და ბავშვივით ახარებდა მნიშვნელოვან მიღებებზე და კონფერენციებზე მის ნაქონს რომ ვატარებდი.
ბოლო წამამდე არ ავიწყდებოდა ჩემი არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, გულშემატკივრობდა ჩემს წარმატებას. ისე თავისთვის, ზოგჯერ კი თავის აურაცხელ მეგობრებს ახარებდა ხოლმე, ბოლოს სულ ორნი დარჩნენ.
დღემდე ვინახავ პენსიით შეძენილ უბრალო თეფშებს, რომელიც 11 წლის წინ, პირველი დამოუკიდებელი ცხოვრების მცდელობისას მომიტანა და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთია ამ სახლში; წერილს,რომელიც უკვე ნახევრად დაბრმავებულმა და დაყრუებულმა დამიწერა და ლოლიტაზე ახალნამშობიარებს ჯანმრთელობის სახლის დაცვასთან დამიტოვა. სიტყვებს, რომლებსაც ხშირად მიმეორებდა, მორალურ, ადამიანურ ღირებულებებს და კულტურას, რაც მისგან ვისწავლე. საშინლად მენატრები და დაბადების დღეს გილოცავ მშვენიერო" - წერს განო მელითაური.