ბიჭებს ახალი წლის განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ
ახალი წლის დადგომამდე დიდი თუ პატარა საახალწლო სამზადისშია ჩართული. ბავშვიან ოჯახებში კი განსაკუთრებული ფუსფუსია და გამონაკლისი არც დედაქალის მერის ოჯახია. კახა კალაძის და ანუკი არეშიძის ვაჟები თოვლის ბაბუასთვის წერილების წერაში არიან გართულნი.
როგორც დედაქალაქის მერმა Mshoblebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მის შვილებს ახალი წლის განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ.
- ჩემი შვილებიც განსაკუთრებული მოლოდინით ელოდებიან ახალი წლის დადგომას და იციან, რომ თოვლის ბაბუა ბუხრიდან უნდა ჩამოვიდეს. სანამ ახალი წელი მოვა, გარკვეულ წერილებს და თხოვნებს უწერენ, თუმცა ისიც კარგად იციან, რომ სკოლაში კარგად უნდა ისწავლონ, თორემ თოვლის ბაბუა გაუბრაზდებათ და საჩუქარს არ მოუტანთ.
- თქვენც ელოდით ხოლმე თოვლის ბაბუას?
- ზოგადად ყველა თაობის ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა, ახალი წელი არის განსაკუთრებული დღე. მეც, რა თქმა უნდა, როგორც პატარაობისას, ახლაც ისეთი განწყობით ველოდები ახალ წელს და გარკვეულ ასაკამდე მჯეროდა კიდეც თოვლის ბაბუის.
- ოჯახის ნაძვის ხის მორთვაში თუ იღებთ მონაწილეობას?
- ადრე ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა ახლა ვეღარ ვახერხებ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე. ბავშვები და ანუკი რთავენ ჩვენ საახალწლო ნაძვის ხეს.
ასე გამოიყურება ანუკისა და ბიჭების ხელით მორთული ნაძვის ხე
ინფორმაციისთვის, დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთება.
რუსკა კილასონია