აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, მელანიამ ტრადიციულ საახალწლო მედია აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ტელეარხის მეშვეობით ადევნებს თვალს.
ამ გადაცემის ფარგლებში ცხადდება სანტა კლაუსის გამოგონილი მარშუტი, ბავშვები ეთერში რეკავენ და კითხვებს სვამენ. ასეთი ზარები თეთრ სახლშიც შევიდა, რომლებსაც პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ უპასუხეს.
ერთ-ერთ აბონენტთან პრეზიდენტის საუბარი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო:
"ალო, აა, კოლმანი ხარ? შობას გილოცავ... როგორ მიდის საქმეები... სკოლაში ყველაფერი რიგზეა?" ამის შემდეგ ტრამპმა ვერ დამალა გაოცება, როცა გაიგო, რომ ბიჭუნას სანტა კლაუსის ნამდვილად სჯეროდა. "ისევ გჯერა სანტა კლაუსის? შვიდი წლისებს უკვე აღარ სჯერათ ხოლმე..." - უთხრა ტრამპმა ბიჭუნას, რომლის მოწმეც უამრავი ჟურნალისტი იყო.
ყურმილს იქითა მხრიდან რა პასუხი მოჰყვა პრეზიდენტის რეპლიკას, უცნობია. სავარაუდოდ, კოლმანიც გაოცდა, როცა გაიგო, რომ ამერიკის პრეზიდენტს სულ უბრალო რამ არ ესმის, აბა, შეიძლება, რომ ამხელა კაცს სანტა კლაუსის არ სჯეროდეს?