საახალწლო სუფრის და საჩუქრების გარდა, მშობლებს ამ პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვთ, სად წაიყვანონ შვილები, რომ ზამთრის არდადეგები ნაყოფიერად გაატარონ. საბედნიეროდ, წელს ამ მხრივ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. MSHOBLEBI.GE-მ ტრადიციულად იზრუნა თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებაზე და აფიშას გადახედა.
მაშ ასე, ჩამონათვალი საახალწლო სპექტაკლებიდან დავიწყოთ:
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოგვიდგენს მიუზიკლს „ურჩხული და ლამაზმანი“. 27 დეკემბრიდნ მაყურებელს საშუალება ეძლევა ურჩხულად ქცეული მომხიბვლელი პრინცის სიყვარულის ამბავი ახალი ინტერპრეტაციით იხილოს. სხვათა შორის, სპეციალურად ქართველი ბავშვებისთვის, სიმღერის ტექსტები ქართულად ითარგმნა, მეტიც, ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, შეიქმნა რამდენიმე მუსიკალური თემაც. მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, პროექტის ავტორი კი - ლევან გვაზავა.
რუსთაველის თეატრი საახალწლოდ პრემიერას გვთავაზობს - „შობა ტიფლისში“ ასე ჰქვია სპექტაკლს, სადაც ძველი თბილისის ამბები იქნება გაცოცხლებული. კინტოები, ხანუმები, ყარაჩოხელები გაიხსენებენ წარსულს და აჩვენებენ დღევანდელობასაც. ინსცენირების ავტორები რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე შველიძე და ნინო კანტიზე გახლავთ. მარჯანიშვილის თეატრი „მაკნატუნას“ გვთავაზობს. სპექტაკლს მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის „ტანც კლასის“ ბავშვები უფროსებთან ერთად წარმოგვიდგენენ. ახმეტელის თეატრი ახალი წლის დღეების ზღაპრულ პერსონაჟებთან ერთად გატარებას გვპირდება და მაყურებელს ორ სპექტაკლს სთავაზობს: 2 და 14 იანვარს „თოვლის დედოფალს“ ნახავთ, 3,4,5,6,13,14 იანვარს კი „კონკიას“. ილიაუნის თეატრში რეჟისორმა კახა შარტავამ „ყინულის დედოფალზე“ იმუშავა, სპექტაკლში მთავარ როლს მარიამ როინიშვილი თამაშობს, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სცენაზეც ალღობს გაყინულ გულს სიყვარული და მეგობრობა და ზღაპარი ჰეფიენდით სრულდება. თავისუფალი თეატრი მაია დობორჯგინიძის სპექტაკლს „პეპი გრძელი წინდას“ გვთავაზობს. თუმანიშვილის თეატრში ბავშვებისთვის საყვარელი ჟირაფი ჟოზე მეგობრებთან ერთად იზრუნებს დროის გაჩერებაზე, რომ ახალი წელი გადაარჩინოს. 28 დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე დღეში სამჯერ ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ახალი წლის ჯადოსნური ღამე ჟირაფ ჟოზესთან ერთად“, რომლის რეჟისოი გიორგი მარშანიაა. მუსიკის და დრამის თეატრი ყველასათვის ცნობილი მიუზიკლის „მერი პოპინსის“ მიხედვით შექმნილ სპექტაკლს გვთავაზობს, რომელშიც მრავლადაა ვოკალური და ქორეოგრაფიული სცენები. ამავე თეატრში ახალი წლის დღეებში შეგიძლიათ ნახოთ „საშობაო ზღაპარი“, რომელიც რეჟისორმა დათო დოიაშვილმა ხალხური ზღაპრის - „მსუნაგი მგელი და შვიდი ბეკეკას“ მიხედვით დადგა. გრიბოედოვის თეატრი სპექტაკლებს დღეში ორჯერ 12:00 და 15:00 საათზე წარმოადგენს. შეგიძლიათ ნახოთ: „კარლსონის თავგადასავალი“, „ფრთები ნამცეცასთვის“, „მაუგლი“, „მოროზკო“, „ზღაპარი სალთან მეფეზე“, „საშობაო ზღაპარი“ და ასევე „ბურატინო“, რომლის პრემიერაც 30 დეკემბერს გაიმართება. რუსთავის თეატრი 2 იანვარს 16:00 საათზე პატარა მაყურებელს საახალწლო პროგრამაზე ეპატიჟება. სპექტაკლ "ბურატინოს" შემდეგ ბავშვებს თოვლის ბაბუა და ილუზიონისტები შეუერთდებიან. მრავალფეროვანია კინოს აფიშაც: „მაკნატუნა“, "ელიოტი და სანტა კლაუსის ირმები“, „მერი პოპინსი“, „გრინჩი“, „იყო ერთი დედპული“, „სპაიდერმენი“ - შეგიძლიათ კავეას სხვადასხვა ლოკაციებზე იხილოთ. ვისაც საცირკო ხელოვნება იზიდავს, არც ისინი დარჩებიან სანახაობის გარეშე. 30 დეკემბერს და 2, 3 იანვარს თბილისის ცირკი მაყურებელს საახალწლო წარმოდგენებზე ელის, სადაც ცხოველებთან ერთად ექსტრემალურ ნომრებსაც იხილავთ. სიმამაცის ბორბალი, საჰაერო აკრობატები, თოკზე მოსიარულეთა ჯგუფი, საოცარი ილუზიონისტები და ყველაზე სასაცილო ჯამბაზი - ეს იმ სანახაობის არასრული ჩამონათვალია, რაც ცირკში გელოდებათ. „მთაწმინდის პარკს“ 25 დეკემბერს თოვლის ბაბუასთან ერთად სანტა კლაუსიც ეწვია, სწორედ ამიტომ ყოველდღიურად იქ გელით: საახალწლო კონცერტები, საცირკო წარმოდგენები, სპექტკლები, ანიმატორები გასართობი პროგრამით, საახალწლო გარემო ულამაზესი დეკორაციებით. ასევე ღონისძიებებია დაგეგმილი დედა ენის ბაღში და ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან. ციცი ომანიძე