ბავშვობიდან იარაღთან ურთიერთობას (უბრალოდ, ჰქონდა, ძალოვან სტრუქტურაში არ მუშაობდა), სირთულეებთან გამკლავებას მასწავლიდა და მეუბნებოდა, რომ ცხოვრება ხშირად დამიდებდა კვანტს და მომზადებული უნდა ვყოფილიყავი ბრძოლისთვის...
მეუბნებოდა, რომ უამრავ უსინდისო და გაუტანელ ადამიანს გადავეყრებოდი და მათთან ურთიერთობას მასწავლიდა...
არასოდეს მინერგავდა ფილოსოფიოურ აზრებს, რომ თუ ერთ ლოყაში გამარტყამდნენ, მეორე უნდა მიმეშვირა...
პირიქით, ბავშვობიდან ვიცი, რომ თუ ერთ ლოყაში გამარტყამენ, ისეთი უნდა შემოვულაწუნო, რომ კაი ხანს აზრზე ვერ მოვიდეს...
ცხოვრებას რეალურ ფერებში მიხატავდა და ასე მამზადებდა მომავლისთვის...
სკოლის მოსწავლე ვიყავი, ის რომ მოულოდნელად გარდაიცვალა... თვითონ - 42-ის და ახლა და ახლა ვხვდები, რომ ყველაზე სწორად მზრდიდა...
ნეტავ დიდხანს ყოფილიყო ჩემ გვერდით... ალბათ არც იმ დარტყმებს მივიღებდი ცხოვრებისგან, რაც მივიღე... უფრო ძლიერად მომზადებული შევხვდებოდი სამყაროს ხუმრობებს...
დღეს მისი გარდაცვალების დღეა... 34 წელი გავიდა მას მერე...
სვანები ტანზე იხევდნენ, მახვშმა შეკრიბა წონიანი სვანები და დაადგინა - საამაყო კაცი გვყავდა მთელ სვანეთს და იქ უნდა დავკრძალოთო...
დედა ეწინააღმდეგებოდა, რაც შეეძლო, ნუ წამართმევთ, აქ საფლავზე მაინც გავალ, ყოველდღეო...
ახალ წელს, 12 რომ დგებოდა, ნათესავებმა დედაც სამზარეულოში გაიყვანეს, მიცვალებულის გვერდით ნუ შეხვდები ახალ წელს, შვილები გყავს, გაფრთხილდიო...
შემეცოდა მარტო დარჩენილი მამა და გავიპარე, სკამზე ჩამოვუჯექი და ჩემს ულამაზეს მამიკოს ლოყა გაყინულ ლოყაზე მივადე, რომ ეგრძნო, მარტო არ იყო...
ამ დროს მოვიდნენ ის "წონიანი" კაცები... კარი ღია იყო და პირდაპირ შემოვიდნენ...
მე რომ ასეთ მდგომარეობაში დამინახეს, დიდრონი ცრემლებით იტირეს და მათში ყველაზე წონიანმა თქვა: მე ხმის ამომღები აღარ ვარ, ამ ბავშვის ცოდვით დავიწვიო...
ასე დაგვიტოვეს მამა...
სვანური ზარით გაასვენეს და დღემდე ჩამესმის ის კაცების საშინელი ტირილი (ზარი იგივე მამაკაცების ტირილია) და გული მეწურება...