გასული, 1-ლი იანვრის ღამის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში საახალწლო პიროტექნიკისგან დაზარალებული12 მოზარდი მიიყვანეს. როგორც ტელეკომპანია იმედს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტების ასაკი 4-დან 12 წლამდეა. მათ კიდურების მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ, მათ შორის თითების ამპუტაცია, კუნთის მყესების გაგლეჯა, მრავლობითი მოტეხილობები.
"ბრიგადამ ღამის განმავლობაში შეუჩერებლად იმუშავა. საოპერაციო ბლოკი ამ დრომდე მუშაობს" - განუცხადა "იმედს" იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგმა. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საახალწლო პიროტექნიკის აფეთქებების შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს ბათუმის და რუსთავის მცხოვრებლებმაც. რუსთავში, ახალი წლის ღამეს პიროთექნიკით 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის, 2 მცირეწლოვვანი ბავშვია.
ერთი 8 წლის ბიჭი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც ხელის მტევნის დაზიანება ჰქონდა. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.
სამი დაშავებული 10 წლის ბიჭი და 21, 33 წლის კაცები კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. ამ პაციენტებსაც ხელის მტევნის დაზიანებბა ჰქონდათ და ჩაუტარდათ ოპერაცია.
ბათუმში პიროტექნიკით 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 - ევროპის მოედანზე, სადაც გალაკონცერტი მიმდინარეობდა. დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. პიროტექნიკამ, რომელიც ახალი წლის ღამეს გაუშვეს, მიმართულება შეიცვალა და შეკრებილებისკენ გაისროლა. დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ამაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები არ საუბრობენ.