"მშობლებმა მითხრეს, სადაც მივედით, ყველგან კარი მოგვიხურეს, საფასური არც კი გაგვინახევრესო" გასულ კვირას ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა მასალა სათაურით "ბევრ მშობელს არ აქვს საშუალება, ბავშვი დამატებით წრეზე ატაროს და ეს პრობლემაა"... თემა ის დამატებითი წრეები გახლდათ, რომლითაც ცნობილი დედები შვილებს ტვირთავენ, ინტერვიუში საუბარი საფასურზეც იყო. ამის შემდეგ "ფეისბუქზე" შემეხმიანა ქალბატონი ლალი მაისურაძე და შემატყობინა ისეთი სტუდიის არსებობის შესახებ, რომელიც სოციალურად დაუცველ ბაშვებს კარს უსახსრობის გამო არ უხურავს და მართლაც რომ ჰუმანურ საწყისებზე ცდილობს, ნებისმიერი სოციალური ფენის მოზარდს განათლება აუმაღლოს და დაეხმაროს. საუბარში გავარკვიეთ ისიც, რომ ეს სტუდია რუსკა მაყაშვილის სახელობის ყოფილა, დამფუძნებელი კი მსახიობი, რუსკას დედა თამარ მაყაშვილი გახლავთ. თავად ლალი ამ სტუდიაში საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს და დიდი წვლილი მიუძღვის იმ ბავშვების მოძიებაში, რომელნიც ამა თუ იმ სტუდიაში, დამატებით წრეზე ფინანსური სიდუხჭირის გამო ვერ დადიოდნენ. ეს კი ძალიან სერიოზული და დამთრგუნველი პრობლემაა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. სწორედ მან იზრუნა, რომ თამარ მაყაშვილთან ჩაგვეწერა ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით.
- საიდან წამოვიდა სტუდიის დაფუძნების იდეა?
- მე მომივიდა ეს იდეა. ვხედავ, რომ ბავშვებში მიმდინარეობს არასწორი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ძალიან მინდა, რომ სწორად აღიზარდოს მომავალი თაობა და სწორად აღიქვას მოვლენები, სწორად გაიგოს თეატრი და ხელოვნება. ადამიანების სოციალურ ფენებად დაყოფას ვერასდროს ვერ ვიტანდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლებიდან გამომდინარე, შემიძლია საკუთარი თავი მივაკუთვნო ელიტარულ ოჯახს, არასდროს ვუსვამდი ხაზს ამას, იმიტომ, რომ თავიდანვე უბრალოდ გვზრდიდნენ. ჩემს ოჯახში სხვადასხვა სფეროს კორიფეები იკრიბებოდნენ, მაგრამ ჩვენ სადად გავიზარდეთ. მე წამოვიკიდე ეს სტუდია, იმიტომ, რომ 10 ბავშვიდან თუნდაც 5 რომ გაიზარდოს ხელოვნებისა და თეატრის სწორად აღმქმელად, ბედნიერი ვიქნები. ეს არ გამიკეთებია იმისთვის, რომ შემოსავლის წყარო მქონოდა. ჩვენთან სწავლა 50 ლარი ღირს, მაგრამ გვაქვს შეღავათები, დედმამიშვილები 80 ლარს იხდიან, თუ ერთი ოჯახიდან სამი ბავშვი დადის, მაშინ 100 ლარია ღირებულება. თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს საერთოდ არაფერს ვახდევინებთ და უსახსრობის გამო კარს არ ვუხურავთ. ეს გადასახადიც იმიტომ გვაქვს, რომ იჯარა გადავიხადოთ, თორემ დანარჩენები ენთუზიაზმზე ვმუშაობთ.
- კონკრეტულად რა საგნებს სწავლობენ ბავშვები?
- პირველ რიგში იღებენ განათლებას ყველა სფეროში. ათიდან რვა ბავშვს ელემენტალური ცოდნა არ აქვს, არ იცის ილია ჭავჭავაძე და გაგონილის დონეზე აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ დიდი შემოქმედის შესახებ. სწორედ ამიტომ ვასწავლით ყველაფერს, ჯდომიდან დაწყებული, ურთიერთობით გაგრძელებული, ლიტერატურითა და ხელოვნებით დამთავრებული. მე ეს ყველაფერი წამოვიწყე თუნდაც იმის გამო, რომ ჩემი პატარა შვილიც იყოს ჩაბმული. სამწუხაროდ, დღეს ბავშვების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, რა არის თეატრი, კინოში დაინახავენ ადამიანებს და ჰგონიათ, ესაა ყველაფერი.
- რა ასაკის ბავშვებს იღებთ?
- შარშან გვყავდა პატარებიც, მაგრამ მათთან მუშაობა ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ჩვენთან ბავშვები უნდა მოვიდენენ 9 -10 წლიდან, იმ პერიოდიდან, როცა უკვე აზროვნებას იწყებენ. მივუბრუნდები მუშაობის პროცესს, მათთან ვარჩევთ ლიტერატურას, ფიზკულტურის დონეზე ვაკეთებთ ვარჯიშებს, სწვლობენ ერთმანეთთნ კონტაქტს, ვსაუბრობთ ინტელექტუალურ თემებზე, თამაშ-თამაშით ვაზაირებთ ცოდნას მოზარდებს, მაგალითად, პატარებთან სწავლა თოჯინის შეკერვით დავიწყეთ და ა.შ.. ზოგ ბავშვს არ აქვს კარგად განვითარებული მეტყველების აპრატი და ამის გამოსწორებაზე ვზრუნავთ, მყავდა სმენადაქვეითებული ბიჭი, რომელიც დასთან ერთად დადიოდა. ცოტა ხანში ისე ჩაება აქტივობაში, რომ ბოლოს ყველანაირი კომპლექსი მოეხსნა. სილაღე აკლიათ ბავშვებს და ამაზეა სტუდია მომართული. სხვათა შორის, გასულ წელს ვაკის რაიონის გამგეობამ დააფინანსა ამავე რაიონის სოციალურად დაუცველი ბავშვების სწავლა 5 თვით, იმ თანხით გადავიხადეთ იჯარა, შევიძინეთ სათამაშოები, საჭირო ნივთები... ის ხუთი თვე გავიდა, მაგრამ ბავშვები დღესაც ჩემთან დადიან. ვაკის რაიონი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც იზრუნა მოზარდების გახარებაზე.
- მაინტერესებს, ვინ არიან ის პედაგოგები, ვინც გვერდში გიდგანან ბავშვებთან მუშაობისას...
- ძირითადად მე ვმუშაობ მათთან, მაგრამ როგორც კი ვხედავ საჭიროებას, მეხმარებიან მეგობრები უსასყიდლოდ. ხათუნა ზედელაძე პატარა ბავშვებთან მყავს შეყვანილი, მსახიობმა ამირან ქაჩიბაიამ პლასტიკაზე იმუშავა ჩვენთან, რუსკა რიტმიკასა და პლასტიკას ასწავლის. ბევრმა მითხრა, ჩვენც მოვალთ და ჩავატარებთ მასტერკლასებსო, ეს ხდება სრულიად უსასყიდლოდ, მეგობრობის ხარჯზე, იმიტომ, რომ მეც ასე დავდივარ მათთან. იციან მშვენივრად, რომ ამ მიზერით ვერ გადავუხდი ვერაფერს, მაგრამ ორ-სამჯერ ბაშვებთან მუშაობაზე უარს არავინ იტყვის.
- არ გქონიათ მცდელობა, მიგემართათ მერიისთვის, მუნიციპალიტეტისთვის დახმარების, პირობების გაუმჯობესების მიზნით?
- ვაკის რაიონის გამგეობას უნდოდა კიდევ ჩვენი დაფინანსება, მაგრამ მერე გვითხრეს, ბიუჯეტი არ დაგვიმტკიცდა და ასე მიზერული თანხაც კი არ გვაქვსო. მეტი არსად მივსულვართ, მაგრამ პასუხი ალბათ მაინც ეს იქნებოდა. არავინ არ ფიქრობს ამ ბავშვებზე. მათმა მშობლებმა მითხრეს, სადაც მივედით, ყველგან კარი მოგვიხურეს, საფასური არც კი გაგვინახევრესო.
არ ეგონოს მკითხველს, რომ მხოლოდ ვაკის მაცხოვრებლებს და იქაურ სოციალურად დაუცველებს ვიღებთ, ნებისმიერი რაიონიდან მოსულ ბავშვს მივიღებთ აღსაზრდელად. სწორედ იმიტომ მაქვს საიჯარო ხელშეკრულება დადებული და ვიხდი თანხას, რომ სხვა რაიონებიდანაც მოვიდნენ ბავშვები, თორემ არ გადავიხდიდი ამას, ჩამოვაყალიბებდი როგორც წრეს და მხოლოდ იმ სკოლის ბავშვებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. სამწუხაროდ, ასეთი წესია. ეს კი არა, განათლების სამინისტროსთან მქონდა შეხლა-შემოხლა, პატარა ოთახი მქონდა დაქირავებული, ვეღარ ვეტეოდით და გაფართოება მინდოდა, ვიფიქრე, რადგან ამდენი სოციალურად დაუცველი მყავს, დათმობაზე წამოვიდოდნენ, მაგრამ არ დათმეს.
ციცი ომანიძე