სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის საშობაო ეპისტოლეში საზოგადოებაში შექმნილ არაჯანსაღ გარემოზე, სულიერი ფასეულობების დაკნინებაზე, მომავალი თაობის აღზრდაზე და ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს საშობაო ეპისტოლედან:
"საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარ-ეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგან ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არ ერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს. ჩვენს დროშიც მისი მოქმედებანი სხვა და სხვა სახით ვლინდება: აბორტით მოწყვეტილ ჩვილთა სისხლი ცას შეჰღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესი ათასობით ახალგაზრდას იწირავს და ეს დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს.
ჰეროდესეული სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არა თუ თავის გაწირვა, ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი; მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა. ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთპატივისცემა და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა?! თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას?! ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისათვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა? ამასთან, გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარიც, - ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.
სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თანდათან ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ხალხს შიში და უიმედობა იპყრობს, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკვრობამ. დროა ასეთი! არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ, განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენდამი ჩადენილ ავ საქმეთა გამო, - სამაგიეროს გადახდას; ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს.
... განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე. მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას. სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში "დედა ენის" დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია; ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას.
პირველ რიგში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხის გასაცნობად... უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის; ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია. სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები...
უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა.ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის.
რაც შეეხება ოჯახს, ანუ მცირე ეკლესიას: ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ იგი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ. გახსოვდეთ ისიც, რომ ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე;
განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს .სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი; ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი.
ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ (რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა და სხვა მოძღვარიც ჰყავდეთ), რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს.
დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა. ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა. ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ "ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ..." ხოლო "თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ" (რომ. 8, 28,31)!