გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით, უკვე 10 ადამიანი ემსხვერპლა, სავსებით გასაგები შფოთვაა მშობლებს შორის. ბევრი ღელავს იმის გამო, რომ ბაგა-ბაღებსა და სკოლებში სწავლის განახლებისთანავე ვირუსის შემთხვევები ისევ მოიმატებს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ის ვერ ხედავს. მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად მიიღებენ.
"ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა რთულია. წინა კვირაში გრიპის ავადობის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორი იქნება სიტუაცია ავადობის გავრცელების თვალსაზრისით და შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღევანდელი მონაცემებით, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ვერ ვხედავ", - განაცხადა გამყრელიძემ.
აღნიშნულ საკითხზე ჩვენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ და დავინტერესდით, როგორია მათი პოზიცია და როდის განახლდება სასწავლო პროცესი ბაგა-ბაღებში.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 14 იანვარს განახლდება.
რუსკა კილასონია
გადაიდება თუ არა სწავლა სკოლებში, გავრცელებული ვირუსების გამო?