გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით გოგონას ბებია უვლიდა, რადგან ბავშვის დედა გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ვირუსის გართულებული ფორმით მკურნალობას გადიოდა. ის სტაციონარიდან დღეს, შვილის გარდაცვალების შემდეგ გაწერეს.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. როგორც ბავშვის დეიდა აცხადებს, გოგონა ინფექციური დაავადებით (წითელა) და პნევმონიით ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ბავშვი საავადმყოფოდან 30 დეკემბერს გაწერეს.
„დეკემბრის შუა რიცხვებში ბავშვი დედასთან ერთად თბილისის კლინიკაში იწვა. ფილტვების მწვავე უკმარისობა ჰქონდა, ბავშვმა წითელა გადაიტანა. აქაც, „იავნანაში“ გვყავდა, გადასხმა გაუკეთეს და გამოუშვეს, არ დააწვინეს, არ ვიცი, რატომ. ხუთი დღე ბავშვს გართულება არ ჰქონია. გუშინ ბავშვმა ჭამა, კარგ ხასიათზე იყო. დილით ბავშვი გარდაცვლილი დამხვდა. ბავშვს გადატანილი ჰქონდა ფილტვების ანთება, სუნთქვა უჭირდა, ალბათ ვირუსი იყო“, აცხადებს გოგონას დეიდა, ირინა შიუკაშვილი.
ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის მშობლებმა ცხედრის გაკვეთა გააპროტესტეს, რასაც პროზექტურაში ხმაური მოყვა. ჩვილის ცხედარი მის სახლში უკვე გადაასვენეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.