"სპორტსმენისთვის ოჯახში იდილია აუცილებელია, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით"
ნეკა დოროკაშვილს ფოტოგადაღების დაწყებამდე შევხვდი. ახლა მის პორტფოლიოს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ელოდებიან. ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელის, მსოფლიოს მოქმედი მე-20 ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს თავის კარიერაზე, ოჯახსა და საახალწლო ტრადიციებზე უამბობს.
"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა
"ქალისთვის მთავარია ოჯახი"
სტუდენტობისას "მის უნივერსიტეტი" გავხდი. შემდეგ მალევე გავთხოვდი, თავი დავანებე მოდელობაზე ფიქრს და ჯიპაში ჩავაბარე პიარის განხრით. ლუკასი ახლა სამი წლის არის და დროა, დავუბრუნდე მოდელობას. ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ, მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ. რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, იმას ავირჩევ. ჩემს თავს უფრო კომერციულ მოდელად ვხედავ, რეკლამები, ჟურნალები, ბილბორდები - ეს არის ჩემი მიმართულება.