გრიპით დაავადების შემთხვევების მატებამ და მასთან დაკავშირებულმა პანიკამ კიდევ ერთხელ წამოჭრა ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის თემა. მოსახლეობის ნაწილს დღემდე სჯერა, რომ ვირუსების გავრცელება ამ ლუგარის ცენტრთან კავშირშია. დღითიდღე უამრავი მითი და აბსურდული ჭორი ვრცელდება იმ ლაბორატორიის შესახებ, რომელიც კავკასიის რეგიონში ერთადერთია და ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს წარმოადგენს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით შეეცადა გაექარწყლებინა ლაბორატორიის ირგვლივ არსებული ჭორები. გთავაზობთ ამ პოსტს:
"მითი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მის უშუალო დაფუძნებამდე, სანამ ჯერ კიდევ პროექტში იყო, 2000იანი წლების დასაწყისიდან მოდის. თუმცა, პერიოდულად აქტიურდება. ოქტომბერში თვით პუტინმაც კი "შეგვაშინა" - იქ ცუდები მუშაობენ და საშიშ ცდებს ატარებენ ადამიანებზეო.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ღორის გრიპის გავრცელებასთან ერთად, კიდევ ერთხელ გააქტირუდა ეს მითი და ამ დღეებში ბევრი პოსტი ვნახე, სადაც ხალხი წერს - ხელოვნურად ავრცელებს ლუგარის ცენტრი ვირუსებსო.
რუსული დეზინფორმაცია არახალია. განსაკუთრებით ჭირს ხოლმე ასეთი დეზინფორმაციების მოგერიება, როცა საქმე სპეციფიურ თემებს ეხება. სამედიცინო სფეროში სპეციალისტების გარდა სიღრმისეულად ვერავინ ვერკვევით. ასეთ საკითხებზე შეთქმულების თეორიების აზვირთება უფრო ადვილია. როგორც წესი, ინფორმაციის გადამოწმებით თავს ცოტა ვინმე თუ იღლის. ელემენტარულად, ლუგარის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეც კი არ შევლენ, რომ უკეთ გაარკვიონ, რა ხდება და სინამდვილეში რას ემსახურება ეს ცენტრი. უფრო ადვილია შეთქმულების თეორიის დაჯერება, მისი გადაუმოწმებლად გავრცელება და იმის წარმოდგენა, რომ უპირატესობა გვაქვს, გავშიფრეთ რა "ამერიკელების მავნებლური გეგმა ქართველი ერის წინააღმდეგ".
რუსეთის ტყუილები ლუგარის ცენტრზე ძირითადად მუშაობს შემდეგი პრინციპით: შეაგდე ჭორი, გასტყორცნე ჰაერში ტყუილი და მტკიცების ტვირთი აჰკიდე მეორე მხარეს. როდესაც ფაქტებით შეეწინააღმდეგებიან შენს ბრალდებებს, მხრები აიჩეჩე და თქვი: - მერე რა, რომ ვერ ვადასტურებთ, ხომ შეიძლება რაღაც კონკრეტული მოვლენის შესახებ ფაქტები არ გვქონდეს, მაგრამ ის მაინც არსებობდეს? ან ასე თქვი: - ჩვენ არ ვამტკიცებთ არაფერს, ჩვენ კითხვებს ვსვამთ, იქნებ ასეა, როგორც ჩვენ ვამბობთ".
ზუსტად ასე უპასუხეს BBC-ის ჟურნალისტს, რომელიც ლუგარის ცენტრზე იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებულ ბრალდებაზე საგამოძიებო სიუჟეტს აკეთებდა და მტკიცებულებებით ამხილა ზახაროვა და გიორგაძე სიცრუეში.
რეალური ფაქტები კი ლუგარის ცენტრზე ასეთია: ცენტრი ამერიკელების მხარდაჭერით აშენდა და გაიხსნა 2011 წელს, ხოლო 2013 წლიდან ის მთლიანად ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ცენტრი ემსახურება დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას და ეპიდემიებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. ლუგარის ცენტრის გახსნამდეც იკვლევდნენ ქართველი მედიკოსები დაავადებებს და იმ დროს საშიში პათოგენები არცთუ უსაფრთხოდ ინახებოდა საქართველოს ლაბორატორიებში, მათ შორის თბილისშიც. ამჟამად კი, საკვლევი მასალა/პათოგენები სრულიად უსაფრთხოდ არის დაცული ლუგარის ცენტრში და უამრავ სამედიცინო სფეროს პროფესიონალს აქვს საშუალება იმუშაოს პათოგენების შესწავლა-დამარცხებაზე. სხვათა შორის, ამ ულტრათანამედროვე ლაბორატორიით სარგებლობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო სპეციალისტები, მათ შორის ჩვენი რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ლუგარის ცენტრში არაერთ რუს სპეციალისტს აქვს ნამუშევარი და, შესაბამისად, მათ შესანიშნავად იციან, რომ არაფერი საშიში ლუგარის ცენტრში არ ხდება. კითხვაზე, რა სარგებლობა მოაქვს და "რას მიკეთებს ლუგარის ცენტრი": ცენტრის დამსახურებისთვის თუნდაც ც ჰეპატიტის აღმოფხვრის მასშტაბური პროექტის განხორციელების დასახელებაც კმარა. ეს ღორის გრიპიც, ახლა რომ ყველას გვაშინებს, ლუგარის ცენტრში დადგინდა რაც იყო, თორემ, სავარაუდოდ, ვერც გავიგებდით რასთან გვქონდა საქმე. ჰო, კიდევ ბევრგან წავაწყდი მოსაზრებას, რომ თუ ასეთი კარგია ეს ბიოლაბორატორია, ამერიკის ტერიტორიაზე რატომ არის აკრძალულიო. მეგობრებო, დაგუგლეთ და თავად დარწმუნდებით, რომ აშშ-ში ასობით ასეთი ბიოლაბორატორია მოქმედებს".