ცოტა ხნის წინ ვწერდით ამ შემთხვევის შესახებ - 9 წლის გოგონას დედამ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ უცხო პირს მიმოწერა ჰქონდა მის შვილთან და მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს. იხილეთ სტატია:
"ასე იწყება მიმოწერა ჩემს შვილსა და უცნობ ტიპს შორის... გთხოვთ, გაფრთხილდით!"
საქმე აღიძრა და ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანების იძულებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფისთვის 1 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
როგორც სამინისტროს ვებგვერდზე წერია, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზრდასრული მამაკაცი, სოციალური ქსელის, "FACEBOOK"-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს.
პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.
როგორც mshoblebi.ge-ს განუცხადეს სამინისტროში, დაკავებულს ბრალი წარედგინა და სასამართლო სამ დღეში გადაწყვეტს, დარჩება პატიმრობაში თუ გირაოს სახით იქნება განთავისუფლებული.