ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ამჯერად თავად ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პსტით ის ცდილობს, საზოგადოებას ლუგარის ცენტრის ნამდვილი დანიშნულება განუმარტოს.
"მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა, პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე.
ჩვენ, ასეთი ჩვეულებრივი სახელებით ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე , უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს, რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე, იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია.
უფრო მეტიც როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ, ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ , რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა" - ლელა ურუშაძე, რომელსაც ცნობილი ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე ეხმაურება: "მე კი მიჩვეული ვარ დიდი ხანია ყველანაირ ქარტეხილებს და იმუნიტეტი მაქვს სიბრიყვეებზე, მაგრამ ლელის ამ პოსტმა კიდევ ერთხელ გამახსენა, როგორ უჭირთ ჩვენ გოგოებს (ბიჭებსაც) მათზე თავდატეხილ ბინძურ სიცრუესთან და ცილისწამებასთან გამკლავება, მაშინ როცა პრაქტიკულად 24 საათი ლაბორატორიაში თავაუღებლად მუშაობენ. თითოეულ მათგანს ხვალვე შეუძლია დაიწყოს მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ლაბორატორიაში. მე ვამაყობ მათით და ჩვენი ქვეყანაც უნდა ამაყობდეს." - წერს იმნაძე.
სიმართლე ლუგარის ლაბორატორიაზე: "ღორის გრიპიც ლუგარის ცენტრმა დაადგინა, თორემ ვერც გავიგებდით, რასთან გვქონდა საქმე"