ფოტორეპორტიორ გიორგი ჟამერაშვილის მიერ დიდ დიღომში, ტრაგედიის ადგილას გადაღებული ფოტოები სრულიად საქართველომ იხილა. გიორგიმ mshoblebi.ge-ს უამბო იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა უბედური შემთხვევის ადგილას ("ჯერ ქალბატონის ცხედარი ვიპოვეთ, მერე - მამაკაცის..." - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ფოტოები აფეთქების ადგილზე). ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოებს, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ მოჰყავს ორ მამაკაცს უგონოდ მყოფი ბავშვი და ერთ-ერთი როგორ უსინჯავს მას გულისცემას.
როგორც აღმოჩნდა, ეს მამაკაცი ცნობილი ქირურგი ოლეგ კვიციანია. როგორც მისი ახლობლები ყვებიან, ის თავად შევიდა შემთხვევის ადგილას და პირველად დახმარებას უწევდა დაზარალებულებს.
"ოლეგ კვიციანი - ამ ადამიანს ბევრი იცნობს, მაგრამ ყველა უნდა იცნობდეს. უძლიერესი ქირურგი! სასწაულმოქმედი!პროფესიონალი! და უმაგრესი ადამიანი. გუშინ შევარდა ნანგრევებში და თავისი ხელით გამოჰყავდა ბავშვები და უწევდა პირველად დახმარებას... რა მაგარია რომ შენნაირი ადამიანი გაგვაჩნია"...
"ექიმის პროფესია ზოგადად ძალიან რთულია, ურთულესია ონკოლოგიაში მოღვაწე ექიმების ხვედრი, ოლეგ კვიციანსაც ბევრი ექნობოდა პროფესიულად მძიმე წუთები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევა განსაკუთრებულია მის ბიოგრაფიაში. მისი შეძრწუნებული სახე ყველაფრის მეტყველია... ოლეგ, ბედნიერი ვარ, რომ გიცნობ, ერთად მუშაობის პერიოდში ერთად გვიბრძოლია პაციენტების გადასარჩენად და რომ ჩემი მეგობარი გქვია. კონკრეტულად ამ პატარა გოგონას შემთხვევა მშვიდობით დამთავრდა და დარწმუნებული ვარ, ღმერთის და მერე შენი ხელი ურევია ამ საქმეში. ბევრი ადამინის სიცოცხლე გადაგერჩინოს საოპერაციო მაგიდაზე და არასოდეს დამდგარიყავი კიდევ ერთხელ ამ ურთულესი გამოცდის წინაშე"... - წერენ ახლობლები ექიმის პირად გვერდზე.