კომაროვის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია გოგოხია ინტერნეტმომხმარებელს "ჯადოსნური" სასმელის რეცეპტს უზიარებს, რომელიც მისი თქმით, ბაქტერიებისა და ვირუსების თავიდან აცილებაში ეხმარება. სოციალურ ქსელში მისი რეცეპტი დიდი მოწონებით სარგებლობს. გთავაზობთ ამ ხალხურ საშუალებას და შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი საშუალება უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
"ვირუსების წამლობის ხალხურ მეთოდს მე არ გამოვხმაურებივარ და ახლა საჭიროდ ჩავთვალე, ორიოდე სიტყვა ვთქვა. არ მეკარება არც ერთი ბაქტერია, რადგან დღეში ასზე მეტ მოსწავლესთან მაინც ვურთიერთობ. აქედან ზოგს ახველებს, ზოგს აცემინებს. ამიტომ მოსწავლეებს დაფაზე დავალებას ვუწერ მშობლებისთვის და თუ იკადრებთ, თქვენც ჩაიწერეთ და მოამზადეთ საშინაო დავალება.
მაშ ასე, სასწავლო რესურსები:
ასი გრამი ასკილი 100 გრამი ნატურალური თაფლი 4 ბუთქუჩელა ბროწეული 2 საშუალო ზომის ლიმონი
როცა მოიმარაგებთ ინგრედიენტებს, იმავე საღამოს, ერთლიტრიან თერმოსში ჩაყარეთ დარჩეული და გარეცხილი ასკილი, დაასხით ადუღებული ქაფქაფა წყალი და დილამდე დატოვეთ. დილით გადმოწურეთ ასკილის წვენი, შემდეგ წვენსაწურში (ან რა საშუალებაც გაქვთ) გაწურეთ ბროწეულისა და ლიმონის წვენი, არ დაინდოთ, კარგად გაწურეთ, თაფლი ჩაასხით და კარგად მოურიეთ, ასკილის წვენს გაგრილება აცალეთ და მერე წვენები ერთმანეთს შეურიეთ. ცხელ წყალში არ გახსნათ თაფლი, ვიტამინებს კარგავს!
დაალევინეთ ბავშვებს საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ. კიდევ ერთი ულუფა გაიმეორეთ და მეტი არ შეიძლება, რადგან ჰემოგლობინს სწევს მაღლა და ზედმეტიც არ ვარგა. აბა, თქვენ იცით, ბროწეულის ქვეყანაც ვართ, თაფლისაც, ლომონისაც და ასკილი ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და სირცხვილია, გრიპმა დაგვჯაბნოს, ისიც, ღორის გრიპმა", - წერს პედაგოგი ლია გოგოხია.