წარმატებული არქიტექტორ-დიზაინერი ლელი შევჩენკო, რომელიც წლები ბავშვებთან მუშაობდა, ხშირად იხსენებს თავისი ბავშვობის თუ მოწაფეების ამბებს და თავის ფეისბუქსტატუსებშიც ხშირად უხდის მადლობას მშობლებს აღზრდის სწორედ იმ მეთოდების გამო, რაც მათ ჰქონდათ ქალიშვილთან მიმართებაში. ეს პოსტიც სწორედ აღზრდის საკითხებს ეხება და გთავაზობთ:
"მშობლებთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, რადგან ეს ურთიერთობა არასდროს არ ყოფილა მხოლოდ მშობლებისა და შვილის კონტაქტი, ყველა ასაკში, 3 წლისასაც კი დიდივით მესაუბრებოდნენ, აზრს მეკითხებოდნენ და პატივს მცემდნენ - როგორც უკვე დამოუკიდებელ ინდივიდს და არასდროს დაუქნევიათ თითი, არ მოუციათ შენიშვნა და აუწევიატ ხელი დასასჯელად, არასდროს...
ერთადერთხელ, როცა სამი წლის ვიყავი, ნასვამ მამას ზედმეტი მოუვიდა და სხვა ბავშვზე გაჯავრებულმა გვერდზე გამწია ხელით, როცა სხვა დავიცავი, და შენ ნუ ერევიო, ხმამაღლა მითხრა.
....
იმ დღეს მთელი სახლი და უბანი მე მეძებდა, ვერსად მპოულობდნენ თითისტოლა, 3 წლის ბავშვს. გვიან საღამოს დედამ მიპოვა ჩვენი სახლის მეორე სართულზე, საკუჭნაოს კარის უკან დამალული, ჩუმად ვყლაპავდი წყენის ცრემლებს.
ის დღე იყო და ის დღე, მშობლებს არასდროს უსამართლო შენიშვნა არ მოუციათ და მეც ყველაფერს ვაკეთებდი, რომ არ დამეკარგა მშობლების უპირობო ნდობა. მერე კი ხასიათში გადამეზარდა პასუხისმგებლობის გრძნობა და სამაახურებსა და პროექტებზე მუშაობაშიც გამომყვა.
ჩემი მშობლების ურთიერთობის სტრატეგია ასეთი იყო ყოველთვის, ყველა ბავშვთან ურთიერთობისას. დედას, მუსიკის პედაგოგს ძალიან ბევრი მოსწავლე ჰყავდა, ვინც მოდიოდნენ სახლში და ვხედავდი, როგორ ამეცადინებდა ფორტეპიანოს. არასდროს არ მიუცია შენიშვნა ბავშვისთვის ჩემი ან სხვისი თანდასწრებით.
ბავშვებს მხოლოდ ეს სჭირდებათ მშობლებისგან - უპირობო ნდობა და მათი პიროვნული ღირსების პატივისცემა. რაიმე დააშავა? სცადეთ და ესაუბრეთ, იმსჯელეთ მასთან რატომ მოიქცა ასე? იქნებ აქვს მიზეზი. 2 წლისაც რომ იყოს ადამიანი, ის უკვე დამოუკიდებელი ინდივიდია და მისი შინაგანი სამყარო არ უნდა შელახოთ, რაც არ უნდა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაგაჩნდეთ, თითი არადროს დაუქნიოთ და შეცვლა არ მოინდომოთ მისი, არ დაამციროთ. თორემ ყველაზე საშიში ადამიანი ისაა, ვისაც ღირსება შეულახეს , დაამცირეს და საკუთარი თავის პატივისცემა აქვს დაკარგული".