თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განუცხადეს.
მათივე განმარტებით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა და ამ დროისთვის ზუსტდება, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას თუ ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის მამა-შვილიც იყო. "კურიერის" ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი იყო დამონტაჟებული.
სააგენტოები მომხდარის დეტალებს არკვევენ. სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ შორის არის დრო, როცა ადამიანები მსგავსი უბედურებისგან დაზღვეულნი იქნებიან. მანამ ჯობს თავადვე მივიღოთ ზომები, რათა უბრალო საყოფაცხოვრებო მოწყობილობები უბედურების მიზეზი არ გახდეს.
1. კატეგორიულად აკრძალულია იმ გამათბობელის და წყალგამაცხელებლების გამოყენება, რომლებიც წვისათვის საჭირო ჰაერს ოთახიდან იღებენ, წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება. წვის პროდუქტები სათავსოში არ უნდა რჩებოდეს. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს გაზქურები.
2.
ასევე იკრძალება გაზის ხელსაწყოების გამოყენება, თუ მასზე არ არის დამონტაჟებული ჩამკეტი მოწყობილობა და სათავსოში არ არის საკვამლე-სავენტილაციო არხები.
3. არ დაამონტაჟოთ გაზგამათბობელი იმ ოთახებში, რომლებიც განკუთვნილია ძილისა და დასვენებისთვის.
4. გაზის მოწყობილობა, რომელიც ზაფხულის სეზონზე დიდი ხნით უმოქმედოდ იყო, აუცილებლად საჭიროებს პროფილაქტიკურ მომსახურეობას. მოწყობილობების უმოქმედობის დროს შესაძლოა ონკანის საცხის გაშრობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაზის გაჟონვა და უბედური შემთხვევა.
5. ასევე კატეგორიულად აკრძალულია ჩვეულებრივ გაზქურის გასათბობად გამოყენება რადგან შეიძლება მოჰყვეს უბედური შემთხვევა: ადამიანის მოწამვლა, გაგუდვა და ხანძარი ბინაში. მისგან დაგროვილი ნახშიროჟანგი ოთახიდან ჟანგბადს განდევნის და ადამიანი ჟანგბადის უკმარისობით იგუდება.
მხუთავი აირით მოწამვლის სიმპტომები
ნახშირჟანგი
ჩO უსუნო და უფერო გაზია. იგი სხვადასხვა საწვავის არასრული წვის პროდუქტია. სისხლში ადვილად უკავშირდება ჰემოგლობინს, რაც ორგანიზმის მწვავე ჟანგბადოვან შიმშილსა და სიკვდილს იწვევს.
მოწამვლის სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, შუბლზე დაწოლის შეგრძნება, გულისრევა, ტკივილი მკერდის არეში, კანკალი, სისუსტე, შემდეგ კი ძილიანობა. იმის გამო, რომ აირს სუნი არ აქვს, ადამიანი ვერ ხვდება დისკომფორტის მიზეზს და ნელ-ნელა ძილბურანში იძირება.
გაზით მოწამვლა შესაძლოა მძიმე ან მსუბუქი იყოს. მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, ტკივილს შუბლის, საფეთქლების მიდამოში, ყურებში შუილს, თავბრუს, სისუსტეს, გულისცემის გახშირებას,
გულისრევასა და პირღებინებას. ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია.
მძიმე მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, სახეზე გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები - ამ დროს გუგები მკვეთრად გაფართოებულია, ირღვევა სუნთქვა, მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.
თუ აღმოაჩინეთ ადამიანი უგონო მდგომარეობაში:
გამოაღეთ ფანჯრები და კარები, გადაკეტეთ გაზი, რაც შეიძლება მალე გაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე და ასუნთქეთ ჟანგბადი, მოასულიერეთ ნიშადურით, თუ საჭიროა, დაზარალებულს ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი. არ აანთოთ შუქი! თუ მოწამლული გონზეა, დაალევინეთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.