რაც არ უნდა ინტერესიანი მკითხველი იყოს ბავშვი, უფროსის მიერ ხმამაღლა წაკითხული ამბავი უფრო მეტად იზიდავს და ახალისებს. მითუმეტეს, თუ წაკითხულს წიგნებით შთაგონებულ გარემოში, თანატოლების გარემოცვაში ისმენს. ბიბლუსი გალერეამ სწორედ ასეთი კითხვის საათი მოუწყო პატარებს. ბავშვებმა ანტუან სენტ ეგზიუპერის ყველა დროის საუკეთესო წიგნიდან "პატარა უფლისწული" ამონარიდები მოისმინეს. თხზულებას მათთვის ბიბლუსის წარმომადგენელი ია კვიჭიძე კითხულობდა.
ღონისძიებას საკმაოდ ბევრი ბავშვი დაესწრო. ბუნებრივია, მშობელი ყოველთვის ცდილობს, არ მოაკლოს ბავშვს ასეთი გამორჩეული დღეები, მითუმეტეს, როცა ბავშვებს გემრიელადაც უმასპინძლდებიან და საჩუქრებითაც ახარებენ.
პატარებმა კაფე "პიატოს" წვენები დააგემოვნეს, ღონისძიების მხარდამჭერი კი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" გახლდათ, რომელმაც ღონისძიების ყველა პატარა სტუმარს სამახსოვროდ სათამაშოები გადასცა.
არტის და კრაფტის სახელოსნოს მხატვრებმა სახის მოხატვით გაახარეს ბავშვები. საჩუქრად ფანქრები და სახატავი რვეულებიც მიიღეს.
"როგორც მშობელი, ნამდვილად აღტაცებული ვარ. ზუსტად ასეთი ღონისძიებები სჭირდებათ ბავშვებს - ეს წიგნებით სავსე გარემო და სპეციალურად მოწყობილი კითხვის საათი წიგნების მიმართ განსხვავებულ ინტერსს უჩენს. მითუმეტეს ამდენი საჩუქარი, გართობა და მომსახურება სრულიად უფასოდ, მართლაც დასაფასებელია" - აღნიშნავს 7 წლის ნიაკოს დედა.
"პატარა უფლისწული წაკითხული არ მქონდა და აუცილებლად წავიკითხავ, ამდენი წიგნი ერთად არ მინახავს, რომელსაც გინდა აიღებ და დაათვალიერებ... კიდევ მინდა აქ მოსვლა" - ასეთია ნიაკოს შთაბეჭდილება.
ღონისძიება ბიბლუსი გალერეაში 25 იანვარს გაიმართა და ყველა ასაკის ბავშვისთვის უფასო იყო.