ქართველი ძიუდოისტის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ავთანდილ ჭრიკიშვილის ვაჟი ერთი წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად მისმა მეუღლემ - თამუსი გვენეტაძემ ვრცელი და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:
“მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის...
როცა შენ დაიბადე, იანვრის ბოლო დღე იყო და თოვლის ფიფქები ერთმანეთს დადნობამდე კოცნიდნენ. ზამთრის ყველაზე ცივი დღეები ყველაზე თბილ მზეს ატარებდნენ გულით და მთელი სამყარო ზეიმობდა შენს პირველ ტირილს.
როცა შენ დაიბადე, შენი სახე ხელის გულზე მეტეოდა და პატარა, ჯერ კიდევ დედამიწაშეუხებელ ფეხებს ერთ მუჭში ვიტევდი.
როცა შენ დაიბადე, იმ ღამით არ მიძინია, არც მეორე დღეს, არც იმის მერე, რადგან მეგონა და დღემდე მგონია, რომ ყველაზე ლამაზ კაცად დაბადებულს, მოგიპარავდნენ, ვერ მოგივლიდნენ და როცა ძუძუს ჭამა მოგინდებოდა, ვერ გავიგონებდი შენს ტირილს.
არ მიძინია, რომ უბრალოდ, მეყურებინა, შენი სილამაზისთვის, მზის სადარი კანისთვის, პატარა მუშტებისთვის, გაბუტული ტუჩებისთვის, გამოყვანილი ქერა წარბებისთვის, ჯერ კიდევ უწამწამო თვალებისთვის და ალაგ-ალაგ ამოსული ბუსუსა თმისთვის, რომელიც მაშინ, ძალიან გრძელი და ხუჭუჭა მეჩვენებოდა.
ახალდაბადებულს, კანზე ჯერ კიდევ ღმერთის სურნელი გქონდა, რომელიც ჩემამდე გეხუტებოდა და ისე მშვიდად გეძინა, თითქოს ღვთისმშობლის ნამღერი ნანა გამოგყვა დიდებული საუფლოდან. შენი სხეული ხელშეუხებლად წმინდა, სული კი ცოდვისგან შეურყვნელი იყო...
როცა შენ დაიბადე, მე დედა გავხდი, შენ ღვთის კალთიდან წამოყვანილი შვილი, რომელიც ხვალ კაცად უნდა იქცეს და მაამაყოს, რომ დედამისი ვარ.
როცა შენ დაიბადე, მივხვდი უფლის კანონზომიერებას, რომ თვით ჩემი დაბადების ყველაზე დიდი და კანონზომიერი მიზეზი შენი ამქვეყნად მოვლენა იყო.
რომ სიყვარულმა უნდა შვას სიყვარული და გულისცემა უნდა გაგრძელდეს მეორე სიცოცხლეში. რომ ჩემი სისხლი, შენს პატარა სხეულს იმიტომ ამარაგებდა 9 თვე, შენი სიცოცხლე რომ მეზეიმა.
და შენი სიცოცხლეა ის, რაც მე შენი დაბადებიდან მაცოცხლებს. და შენი დაბადებაა ის, რითვისაც ამ ქვეყნად სიცოცხლე ღირს. და შენი დაბადება შენი კი არა, ჩემი არსებობის დასაბამი და გამართლებაა.
როცა შენ დაიბადე, მეც შენთან ერთად დავიბადე, მეც შენთან ერთად დავიწყე არსებობა და ჩვენთან ერთად მთელმა სამყარომ. მეც შენთან ერთად დავიწყე ხოხვა, მეც შენთან ერთად ავიდგი ფეხი, ერთად დავიწყეთ დაძინება და შენი გაღვიძება ჩემი გამოფხიზლებაა ახლაც.
როცა შენ დაიბადე, ყველაზე ლამაზი ზამთარი იდგა მაშინ.
მე შენი სუნთქვა მათბობდა, შენ- ჩემი შენთვის გამთბარი გული და მე გიკოცნიდი პატარა, ჯერუკოცნელ სხეულს.
როცა შენ დაიბადე, შენც გერგო შენი წილი ჯვარი, რომელიც მუდამ ღირსეულად უნდა ატარო და არასდროს ეცადო, ცოდვისა და უკეთურების ხარჯზე მისი წონა შეამსუბუქო - ის ამგავარად მხოლოდ დამძიმდება.
მე დაგეხმარები, სანამ ვარსებობ, შეგიმსუბუქო ყველა სიძნელე, რომელმაც შენი პატარა მხრები უნდა დაღალოს.
ჩემო მზის სადარო,
გილოცავ, შენი ცხოვრების პირველ წელიწადს".