ის კინაღამ აბორტის მსხვერპლი გახდა, მამას არასდროს უღიარებია შვილად და ბავშვობა სიღატაკეში გაატარა - უცნობი ფაქტები ცნობილი მწერლის ცხოვრებიდან
ის კინაღამ აბორტის მსხვერპლი გახდა, მამას არასდროს უღიარებია შვილად და ბავშვობა სიღატაკეში გაატარა - უცნობი ფაქტები ცნობილი მწერლის ცხოვრებიდან
ჯეკ ლონდონი მსოფლიო კლასიკოსია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული მწერალი, რომელსაც ყველა იცნობს. თუმცა ამ ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის ცხოვრების დეტალები ბევრმა არ იცის, არადა, საკმაოდ საინტერესოა ეს დეტალები.
მომავალი მწერალი 1876 წლის 12 იანვარს დაიბადა სან-ფრანცისკოში. ზოგიერთი ლიტერატორი ხუმრობდა, რომ ჯონ გრიფიტ ჩეინი (ჯეკ ლონდონის ნამდვილი სახელი და გვარია) ჯერ კიდევ დაბადებამდე გახდა ცნობილი. საქმე ისაა, რომ მისი მშობლები საკმაოდ ექსტრავაგანტური მშობლები იყვნენ და საზოგადოების გაოგნებაც შეეძლოთ.

მშობლები

ჯეკის დედა
ფლორა ველმანი მარშალ ველმანის ქალიშვილი გახლდათ, ოჰაიოს შტატის გავლენიანი მეწარმის. თუმცა დამოუკიდებლად ცხოვრება სურდა და კალიფორნიაში ჩავიდა, როგორც მუსიკის მასწავლებელი. გარდა ამისა, გატაცებული იყო სპირიტიზმით და ამტკიცებდა, რომ ინდიელ ბელადთან იყო სულიერად დაკავშირებული. მას ხშირად ჰქონდა ნერვული აშლილობა და ერთ დროს გადატანილი ტიფის გამო ხშირად დეპრესიაშიც ვარდებოდა.
სან-ფრანცისკოში გაიცნო უილიამ ჩეინი, ირლანდიელი ადვოკატი, რომელმაც სახელი გაითქვა ასევე როგორც მაგიისა და ასტროლოგიის პროფესორმა.
მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა არ დაქორწინებულან და ერთხელაც ფლორამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. პროფესორმა მაშინვე მოითხოვა, აბორტი გაეკეთებინა. ამას საშინელი სკანდალი მოჰყვა. გაზეთებში იწერებოდა, რომ ფლორა თავის მოკვლასაც კი აპირებდა ამის გამო. პროფესორს კი ბავშვების მკვლელი და ბოროტი ადამიანი უწოდეს. კაცმა
საბოლოოდ დატოვა იქაურობა. მომავალში ჯეკ ლონდონს არაერთხელ უცდია მამასთან - უილიამთან დაკავშირება, თუმცა ცხოვრების ბოლომდე ვერ ნახა და მამამ არათუ არ აღიარა ცნობილი შვილი, არამედ მისი არც ერთი ნაწარმოები არ წაუკითხავს და უარიც კი თქვა მის მამობაზე.
mshoblebi
ჯეკ ლონდონის დედა

ბავშვის დაბადების შემდეგ ფლორას მისთვის არ ეცალა - გამუდმებით წვეულებებზე დადიოდა. ბავშვი შავკანიან ძიძას ჯენი პრინსტერს მიანდო, რომელსაც ჯეკი მოგვიანებით მეორე დედად მოიხსენიებდა.
საარსებო წყაროს ფლორა სპირიტული სეანსებით შოულობდა. 1876 წელს მასთან სეანსზე ჯონ ლონდონი გამოჩნდა, რომელმაც ცოლ-შვილი ნაადრევად დაკარგა. ომის ვეტერანი ჯონი კეთილი ადამიანი იყო. ის მალე დაქორწინდა ფლორაზე და მომავალი მწერლის აღზრდაც აიღო თავის თავზე.
ბიჭუნას მამობილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჯონს ორი ქალიშვილიც ჰყავდა, რომლებთანაც ჯეკს შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მათგან ერთ-ერთს - ელიზას საუკეთესო მეგობრადაც მიიჩნევდა.
1873 წელს ეკონომიკური კრიზისი დაიწყო ამერიკაში და ბევრი დარჩა უმუშევარი. ლონდონებსაც გაუჭირდათ და უკეთესი ცხოვრების საძიებლად სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდნენ. მომავალში მწერალი იხსენებდა, რომ დედას ხშირად არაფერი ჰქონდა სუფრაზე დასადებად და პატარა ჯეკს კი არასდროს ჰქონია საკუთარი სათამაშო.

ჯონს მესაქონლეობაც უცდია, თუმცა ფლორას არ უყვარდა, როცა საქმე ნელა მიიწევდა წინ. მას მალე გამდიდრების სურვილი კლავდა და ავანტიურულ გეგმებს ისახავდა. ხან ლატარიის ბილეთებს ყიდულობდა, იღბლის მოლოდინში და ხშირად გაკოტრების პირას აყენებდა ოჯახს.
მოგვიანებით ოკლენდში დასახლდა ოჯახი და ბიჭუნაც სკოლაში შევიდა. მომავალ მწერალს ამ პერიოდში უკვე ყველა ჯეკს ეძახდა - ჯონის სახელის შემოკლებით.

პატარა მუშა

ჯეკი ხშირად დადიოდა ოკლენდის ბიბლიოთეკაში, ბევრს კითხულობდა. გამუდმებით იწერდა ახალ სიტყვებს, აგროვებდა ლექსიკურ მარაგს. დილას ადრე უწევდა ადგომა, რომ სკოლაში წასვლამდე გაზეტების გაყიდვა მოესწრო და ცოტა ფულით წაშველებოდა ოჯახს. უქმეებზე კი კეგლებს აწყობდა ლუდის ბარის კეგლბანში.
14 წლისამ დაწყებითი კლასები დაამთავრა, თუმცა სწავლის განაგრძება უსახსრობის გამო ვეღარ შეძლო. დროც აღარ ჰქონდა - 1891 წელს მისი მამობილი მატარებლის ბორბლებში მოხვდა და სამუდამოდ ჩაჯდა ინვალიდის ეტყლში. პატარა ჯეკი კონსერვის ფაბრიკაში მოეწყო სამუშაოდ და 10-12-საათიანი მუშაობის შემდეგ, უკვდავი მოთხრობების მომავალი ავტორი, სულ რაღაც ერთ დოლარს იღებდა.
mshoblebi
ჯეკი ბავშვობაში

ახალგაზრდობიდან უყვარდა მოგზაურობა და თავგადასავლები, ალბათ დედისგან ერგო მემკვიდრეობით ეს გატაცება. 15 წლისამ ძიძისგან 300 დოლარი ისესხა და პატარა გემი იყიდა. "კაპიტანმა ჯეკმა" მეკობრეთა გუნდი შეკრიბა თავისი მოზარდი მეგობრებისგან და გაეშურა ზღვაში. ის და მისი მეგობრები მოლუსკებს იპარავდნენ სან-ფრანცისკოს კერძო ყურეში. მოპოვებულ ნადავლს ადგილობრივ რესტორნებს აბარებდნენ და კარგ ფულს შოულობდნენ. ჯეკმა ძიძისთვის დასაბრუნებელი ფულიც მოაგროვა, თუმცა ამასობაში კალიფორნიაში გამკაცრდა წესები არალეგალური მეკობრული ბიზნესის მისამართით და ჯეკს საქმიანობის შეწყვეტა მოუწია. თანაც, ფულმა მასზე ცუდად იმოქმედა - გართობასა და დარდიმანდობაში ხარჯავდა ყველაფერს.
ზღვის სიყვარულით ჯეკმა ბრაკონიერებთან მებრძოლ გემზე დაიწყო მუშაობა და პირველ მოგზაურობაში გაეშურა - იაპონიისკენ. ეს გამოცდილება მოგვიანებით არაერთ ნაწარმოებში აღწერა.

პირველი აღიარება

სანამ 19 წლის გახდებოდა, მოგზაურობების და მუშაობის გარდა, მაწანწალობისთვის ციხეში ჯდომაც მოასწრო, ეგ კი არა, ამბობენ, ქუჩის კატებსაც კი დასდევდა, რომ ხორცი ჩინური რესტორნებისთვის მიეწოდებინაო.
19 წლისამ კი კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა. თუმცა აქედანაც მალე მოუწია წამოსვლა - ფაბრიკა-ქარხნებში ნაშოვნი ფული სწავლისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი...
წერის დიდი სურვილი სულ ჰქონდა, მაგრამ დროს ვერასდროს პოულობდა. ერთხელაც ადგილობრივმა გაზეთმა "კოლმა" პრემია დააწესა საუკეთესო მოთხრობისთვის. ფლორამ შვილი წააქეზა, მონაწილეობა მიეღო. დილის 5 საათზე სამუშაოდ უნდა წასულიყო, ამიტომ ჯეკი შუა ღამისას შეუდგა მუშაობას და სამი ასეთი ღამის განმავლობაში მან დაწერა მოთხრობა თემაზე "ტაიფუნი იაპონიის ნაპირებთან" და პირველი ადგილიც აიღო. მეორე და მესამე ადგილებზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტები გავიდნენ.
ამ შემთხვევამ უბიძგა ჯეკს, სერიოზულად დაფიქრებულიყო სამწერლო კარიერაზე. თუმცა იმავე გაზეთისთვის გაგზავნილი მისი სხვა მოთხრობები აღარ დაბეჭდილა და კვლავ მოუწია ჩვეულებრივი ცხოვრების ფერხულში ჩაბმა.
mshoblebi
მოგზაურობების მოყვარული ჯეკ ლონდონი

1897 წელს "ოქროს ციებცხელებაზე" გადაერთო და ალასკაზე გაემგზავრა ძვირფასი მეტალის საძებნელად. ოქრო ვერ იპოვა, სამაგიეროდ დაავადებები აიკიდა და სერიოზული მკურნალობა მოუწია. ამ პერიოდში გაუჩნდა დრო საწერად და გაჩნდა "ჩრდილოეთის მოთხრობები", რომელსაც მოჰყვა პირველი წიგნი "მგლის შვილი" და უკვე პირველი მწერლური აღიარება.
1902 წელს ჯეკი ლონდონში გაემგზავრა, სადაც თავისი ცნობილი მოთხრობები და რომანები შექმნა, მაგალითად "მარტინ იდენი", "თეთრი ეშვი" და ა.შ. თავად თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევდა "დიდი სახლის პატარა დიასახლისს", ტრაგიკულ რომანს, რომელიც 1916 წელს გამოიცა.

პირადი ცხოვრება

ცხოვრებაში ჯეკი მხიარული და ხალისიანი ადამიანი იყო, სულ იღიმოდა. ქალები უყვარდა საკმაოდ. 1900 წელს თავისი გარდაცვლილი მეგობრის საცოლე - ბესი მადერნი შეირთო ცოლად. ამ ქორწინებიდან ორი ქალიშვილი გაუჩნდა - ბესი და ჯოანი.
mshoblebi
ჯეკი ქალიშვილებთან ერთად

თუმცა 4 წელიწადში ცოლ-ქმრის ურთიერთობები გაცივდა და გაიყარნენ. ჯეკის ცხოვრებაში ჩარმიან კიტრეჯი გამოჩნდა, რომელსაც თავიდან საერთოდაც ვერ იტანდა. გოგონა არც გარეგნობით გამოირჩეოდა, არც ჭკუით, ნაცნობები დასცინოდნენ კიდეც იმის გამო, რომ კაცებს დასდევდა. რატომ წავიდა ცოლისგან ჩარმიანთან - გამოუცნობია. მოგვიანებით წერდნენ უამრავი სასიყვარულო ბარათის შესახებ, რომლებითაც აავსო ჩარმიანმა ჯეკი. როგორც ჩანს, ამითაც მოხიბლა მწერალი და ასევე თავისი მხიარული ხასიათით - ჯეკს მასთან დეპრესია არ ემართებოდა და თანაც, მასავით მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარული იყო.
mshoblebi
ჯეკი და მისი მეუღლე ჩარმიანი

ბოლო წლები

სიცოცხლის ბოლო წლებში ჯეკს შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა - არც ძალა ჰყოფნიდა და არც შთაგონება ახალი ნაწარმოებებისთვის. ლიტერატურას ამრეზით უყურებდა, ბევრს სვამდა. მართალია, მოგვიანებით ეს ჩვევა დაამარცხა, მაგრამ ალკოჰოლმა მის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინა. თირკმლების დაავადებით იტანჯებოდა და სწორედ ტკივილების გასაყუჩებლად იყენებდა მორფს, რომელმაც საბოლოოდ მოწამლა კიდეც და გარდაიცვალა... ზოგიერთი ბიოგრაფი ფიქრობს, რომ ჯეკმა განგებ მიიღო ზედმეტი დოზა და თავი მოიკლა. თუმცა ახლა ეს ძნელი გასარკვევია...

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მწერალზე

გარდა იმ ნაწარმოებებისა, რაც ქართველმა მკითხველმა ძალიან კარგად იცის და რის გამოც შეიყვარა ეს დიდებული მწერალი, ჯეკ ლონდონს ჰქონია პატარებისთვის დაწერილი საოცარი მოთხრობები, სადაც მისი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაა ასახული.
„თავგადასავალი საჰაერო ოკეანეში“ და სხვა მოთხრობები ახლა უკვე ჩვენი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია. ისინი ქართულად მთარგმნელმა, პაატა ჩხეიძემ თარგმნა. წიგნი გაფორმებულია სიუჟეტის შესაბამისი ილუსტრაციებით მხატვარ ბარბარე მაჭავარიანის მიერ და უდაოდ საინტერესო და ფასეული საჩუქარია ნებისმიერი ბავშვისთვის.
mshoblebi
დიდი ამერიკელი მწერლის საბავშვო მოთხრობები გამოდის „პალიტრა L”-ის სერიაში "კლასიკოსები ბავშვებისთვის", რომელიც თავს უყრის 12 ავტორის იშვიათ და ქართველი მკითხველებისთვის უცნობ ნაწარმოებებს. უკვე გამოიცა ჯ.რ.რ. ტოლკინის „შობის პაპის წერილები“; ლევ ტოლსტოის „საუკეთესო მოთხრობები“; ოსკარ უაილდის „სანიმუშო მილიონერი და სხვა ზღაპრები“. ამჯერად კი პატარა მკითხველთან შეხვედრას ჯეკ ლონდონი ელის.

ასე რომ, წინ დიდი აღმოჩენები გელით!

9608
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ზურა
1
მწერლური აღიარება არის ქალური ბედნიერების პონტში))
12:36 / 13-02-2019
ვიღაცა
0
„მწერლური აღიარება“ რა არის?
12:42 / 12-02-2019
მსგავსი სიახლეები
```