"მაყვალა მრევლიშვილიც გალანძღეს... ეს მიზანმიმართული კამპანიაა" - რატომ გახშირდა საბავშვო ავტორების დაცინვა სოციალურ ქსელში
"მაყვალა მრევლიშვილიც გალანძღეს... ეს მიზანმიმართული კამპანიაა" - რატომ გახშირდა საბავშვო ავტორების  დაცინვა სოციალურ ქსელში
ბოლო ერთი წელია სოციალური ქსელში საბავშვო ლექსები და მათი ავტორები საყოველთაო გაკიცხვის, დაცინვისა და ლანძღვის მიზეზი ხდება. მშობლები ხშირად აპროტესტებენ, ერთი შეხედვით, სასაცილო და "ღრმა აზრს მოკლებული" ლექსების არსებობას სასწავლო პროგრამაში, თუმცა მათი უმრავლესობა სულაც არ გახლავთ სახელმძღვანელოებში შეტანილი და მხოლოდ საბავშვო წიგნებში იბეჭდება. სხვადასხვა დროს ფეისბუქ-აგრესია განიცადა არაერთმა საბავშვო ავტორმა, მათ შორის აწ გარდაცვლილმა მაყვალა მრევლიშვილმაც, რომლის ლექსი "ქისა, ქისა, ბარაქისა" აბსურდულად მოეჩვენა ბევრს. სამწუხაროდ, უფროსებს ავიწყდებათ, რომ ეს საბავშვო ლიტერატურაა, რომელსაც თავისი მიზანი და დანიშნულება აქვს.

ლიტერატორი ქეთო ნინიძე:

- ჩემთვის ეს ტენდენცია აბსოლუტურად გაუგებარია. ცოტა კამპანიის სახეც მიიღო. თავიდან ერთ ლექსზე იყო, შემდეგ მეორე დაემატა. ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ეს ხალხი მაინცდამაინც ვერ ერკვევა საბავშვო პოეზიის ხასიათში, გემოვნებაში. მაგრამ ცოტა შემაშფოთებელი სახე მიიღო ამ ყველაფერმა. ავტორების მიმართ პირად შეურაცხყოფაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ, ზოგადად, ჩვენი ინტერნეტსივრცე ძალიან მძიმეა ამ თვალსაზრისით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ შემოაგდო ეს თემა და პერიოდულად მუშაობს. აშკარად, ძალიან მიზანმიმართული კამპანიის სახეს იღებს
ეს ყველაფერი.

- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ საბავშვო ლექსებსა და მათ ავტორებს ასეთი ლანძღვისთვისა და შეურაცხყოფისთვის იმეტებენ?

- ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საზოგადოებაში საერთოდ დაგროვილი აგრესია. მე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ საბავშვო ლექსების ავტორების მიმართ, არამედ, ზოგადად, ინტერნეტ სივრცე გახსნილია ლანძღვისთვის და არასასიამოვნო მოპყრობისა და ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის. მათ შორის, სამწუხაროდ, მოხვდნენ, მართლაც საოცარი საბავშვო ავტორები. ბოლოს მაყვალა მრევლიშვილის ლექსზეც გავრცელდა მსგავსი შინაარსის პოსტები. ეს ქლბატონი არის საბავშვო პოეზიის კლასიკა და თუ ვიღაცამ არ იცოდა, რომ მაყვალა მრევლიშვილს ,,კიკლი კიბესას" გარდა სხვა ლექსიც ჰქონდა, ეს მათი პრობლემაა და არა ამ არაჩვეულებრივი ლექსის. მარიამ წიკლაურისაც იყო ახლახან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ტექსტი... კონტექსტის გარეშე ფრაზამ, მოგეხსენებათ, რომ შეიძლება სრულიად შუცვალოს ტექსტს მნიშვნელობა. მართლაც, შემაშფოთებელი სახე მიიღო ამ ყველაფერმა.


alt ვინ არიან და როგორ განმარტავენ ლექსის "ორი ღორის" ავტორები მათ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და როგორ მოხვდა ეს ლექსი სახელმძღვანელოში?



- იქნებ განუმარტოთ მშობლებს, სინამდვილეში რას აძლევს ბავშვს ეს ერთი შეხედვით სასაცილო და ღრმა აზრს მოკლებული ლექსები?

- პირველ რიგში, მე ვეტყოდი ჩვენს მშობლებსა და საზოგადოებას, რომ ჯერ გავერკვიოთ, რას შეიძლება ეწოდოს საბავშვო ლექსი, რაზე უნდა იწერებოდეს ის და რა თემატიკას, რა გემოვნებას, რა ტერმინოლოგიას, რა სიტყვებს ვერ აღიქვამენ ბავშვები. ამაზე ჩამოვყალიბდეთ. ამ ვნებათაღელვიდან ჩანს, რომ სამწუხაროდ, მშობლები ამაში ვერ ერკვევიან. ცოტა უხერხულიც კი არის იმაზე საუბარი, რომ დავუშვათ ,,ქისა ქისა ბარაქისა", რომელიც არის აბსურდის თემაზე დაფუძნებული და აბსურდის თემას ეფუძნება მთელი საბავშვო პოეზია, პროზა და "ცაში გალობს კურდღელად" რომ დავიყვანეთ მთელი ეს უდიდესი კულტურა, ჩვენი ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობა და მთელი მსოფლიო ლიტერატურის მემკვიდრეობაც, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხის არაინფორმირებულობის ბრალი, ვინც ამას აფრიალებს. ეს არის ძალიან უცნაური, იმიტომ, რომ ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს ჯანი როდარის ტექსტი, რომელიც მეორე კლასის სახელმძღვანელოში იყო შეტანილი და ფანტაზიის განმავითარებელი სავარჯიშოები მოჰყვებოდა ამ ტექსტს და არაჩვეულებრივი იყო. ამასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და მახსოვს, ზოგიერთი მშობელი იხსენიებდა ასე: ,,ვინმე როდარი"... ფეისბუკ სივრცე, ზოგადად, სოციალური ქსელი, მოგეხსენებათ, ძალიან ღიაა ყველასთვის, ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ინფორმაციის გაფილტვრა და დავფიქრდეთ, სანამ შევაფასებთ, ვერკვევით თუ არა ჩვენ ამ საკითხში და ვართ თუ არა კომპეტენტურები.

- ზოგადად, დაწყებით კლასებში, რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიიღონ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ სწავლა არ გაუჭირდეთ და გასაგებიც იყოს?

- პირველ რიგში, მე ვიტყოდი, რომ ძალიან ფაქიზი თემაა ბავშვებში პატრიოტული ლექსების სწავლება, რაც, სამწუხაროდ, არასწორი ფორმით ხდება ჩვენს სკოლებშიც და ოჯახებშიც. ეს არის უფროსებისთვის დამახასიათებელი პათეტიკა, რაც ძალიან ბევრ ლექსშია, რომლებიც ბავშვებმა დღეს ზეპირად იციან და სინამდვილეში ისინი ამ პათეტიკას ვერ იაზრებენ და ეჩვევიან ბავშვობიდანვე სიყალბეს. სამწუხაროდ, ეს ასეა. პატრიოტიზმი აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, მაგრამ პატრიოტიზმი, მათ ასაკში, ალბათ უფრო მეტად უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თავიანთი ქვეყანა არ დააბინძურონ, იმას, რომ უყვარდეთ თავიანთი თანატოლი, რომ ისწავლონ კარგად და იყვნენ კეთილსინდისიერი ადამიანები. არ არის საჭირო, გულზე ხელების ბრაგუნი და სადღეგრძელოები ვასწავლოთ და საბოლოოდ მივიღოთ ისეთი უფროსები, რომლებმაც შრომა არ იციან, სამაგიეროდ იციან საბავშვო პოეტების ლანძღვა-გინება ინტერნეტის საშუალებით.

- რატომ არის საბავშვო ლიტერატურა მნიშვნელოვანი?

- საბავშვო ლიტერატურის დანიშნულება ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს. დაწყებული ძალიან მარტივი გართობიდან, დამთავრებული თერაპიამდე, იმიტომ, რომ წიგნი არის თერაპიული ინსტრუმენტი. ეს საუკუნეების მანძილზე გამოცდილი მეთოდია და ლიტერატურას შეიძლება ჰქონდეს, ამ თვალსაზრისით, გამოყენებითი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ამის ნიმუშები საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შეიძლება ბავშვებს თავიანთი შიშების, კომპლექსების, უხერხულობების დაძლევაში ეხმარებოდეს და სწორედ ეს არის საბავშვო ლიტერატურის დანიშნულება. დაწყებული წერა-კითხვიდან, დამთავრებული დროის გაყვანამდე, თერაპიამდე, ყველაფერი შეიძლება იყოს საბავშვო ლიტერატურის დანიშნულება.

პოეტი მარიამ წიკლაური:

- მიმაჩნია, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა განათლების და განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. საბავშვო ლიტერატურის კვლევაზე ერთ-ორ წერილს ძლივს გადააწყდები. ყველას ჰგონია, რომ ეს იოლი საქმეა და თავში წამორტყმაც იოლად შეიძლება. ვერავინ, ამ აგრესიული მოჭორავე მასიდან, ვერ დაგისახელებთ, კონკრეტულად რა წიგნიდანაა ამოგლეჯილი ეს გვერდი, ავრცელებენ ცილისწამებას და ეწევიან კიბერბულინგს.
ეს დასჯადი ქმედებაა. ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი სასამართლოს და კანონის წინაშე. საბავშვო ლიტერატურა ვის აინტერესებს? აქ მთავარია ვკვებოთ მასების აუთვისებელი ენერგია საკბილოთი და ყურადღება გადავატანინოთ სხვა რამეზე. ანუ ეს ჩვეულებრივი სანახაობაა, რაც მასას სჭირდება.
მე არასოდეს შემრცხვება ჩემი დაწერილის, მაქვს გააზრებული პასუხისმგებლობა. და პროფესიონალიც ვარ ამ საქმეში.
და არც მხოლოდ მე მეხება ეს პრობლემა. ეს კამპანია წელიწადია გრძელდება, ხან ვინ, ხან რა არის ამის სამიზნე. იქამდეც მივიდნენ, რომ მაყვალა მრევლიშვილის ლექსიც გალანძღეს. ეს ჩვეულებრივი რეპრესიებია.
ამას ზნეობის და მორალურ რანგში უნდა განიხილავდეს საზოგადოება. სად ვდიო მე ათას ფეისტროლს და ფეისპეიჯს და სად ვუხსნა, რომ ამ ვითომ ლექსს უწიგნური დევი აძალებს ანბანის სამეფოში შემოსულ ბავშვებს , "სიზარმაცის კანფეტებთან" ერთად?
იმაზე უაზრობა არაფერია, რომ ავტორს პერსონაჟის ხასიათის და ლექსიკის ან სიტუაციის გამო გალანძღავ.
არც მშობლებიდან არის ინტერესი რამე ასწავლონ შვილებს. მათ ასეთი ფეისჭორები უფრო დიდ სიამოვნებას გვრის, ვიდრე შვილების სამყაროს გაცნობა და წიგნების კითხვა.
კიდევ კარგი ყველა ასეთი არაა. მაგრამ ის ნაწილი, რომელიც კიბერბულინგს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას და ძალადობას ეწევა, ბნელი ძალაა და კანონის წინაშეა პასუხისმგებელი.

თამარ იაკობაშვილი

altრატომ გვთხოვენ ბავშვები ერთი და იმავე ზღაპრების კითხვას, იგივე ფილმების თუ მულტფილმების ჩართვას?


5915
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (19)
??????
4
ჩიტი დადის ნაბიჯებით, კურდღელი დაფრინავს ცაში, პეპელა დარბის ოთხით, ძაღლები დარბიან ხიდან ხეზე. გაიგეთ რამე? დარწმუნებული ვარ, ვერ გაიგეთ ვერაფერი. ასევე ვერ გაიგებენ ბავშვებიც ვერაფერს.... ამაშია საქმე!!!!!
21:33 / 12-02-2019
ნინო
1
მაყვალა მრევლიშვილის ლექსი სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, მის კანონზომიერებებს შებრუნებულად წარმოსახავს, რამაც სხვადასხვა დროს თავი იჩინა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ლიტერატურასა და ფოლკლორში. დავიწყოთ: 1. ლათინური გამოთქმა: „In aëre piscari, in mari venari“ („ჰაერში თევზაობა, ზღვაში ნადირობა“). 2. სვანური ლექსი „ბიბა“: „ეს რა ვნახე საკვირველი: ― კიდევ უფრო გაგაკვირვებ: ჭიანჭველა ციხეს აგებს, ― ვხედავ, თაგვი დათვებს ბუბნის. კიდევ უფრო გაგაკვირვებ: ― კიდევ უფრო გაგაკვირვებ: ვხედავ, მგელი ფარას მწყემსავს, ― ვხედავ, ღელე აღმა მიდის. კიდევ უფრო გაგაკვირვებ : ― კიდევ უფრო გაგაკვირვებ: ვხედავ სკვინჩა ორბებს იჭერს, ― დიაცები უხმოდ სხედან“16. 3.ერთ-ერთი უძველესი ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“: „საბრალო დედაბრისასა ― ანგელოზნი უსხედან თაგვნი ყანასა მკიანო, ― წვრილ ხმაზედ დასძახიანო, ლომნი უგრეხენ ულოსა ― ჭინკები მარდად უქცევენ, და ვეფხვნი შეუკვრიანო, ― ყანასა გაჰფოცხიანო, დევნი ურემსა აბიან, ― ტახნი მისწევენ კალოსა, ირემნი ძნასა ჰყრიანო, ― მელები კუდით ჰგვიანო, შველნი კევრებში შებმულან, ― წერონი ანიავებენ, კალოს გარს დარბენიანო, ― და ბატნი დაჰკაზმიანო...“ 4. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში“ მოთავსებული ლექსი „მართალია?“ „შიგ შუა ზღვაში საბძელი იწვის, ტრიალ მინდორზე ხომალდი მირბის, გლეხნი ქუჩაში კონსა აგებენ, ფიჩხულს, კალმახსა ბევრსა იჭერენ, დათვი ცაშია მირბის ფრენითა ძაღლებს იგერებს გრძელი კუდითა“. 5. უცხოური გნებავთ? ჰაინრიხ ჰაინეს ლექსი „Verkehrte Welt“ („მსოფლიო თავდაყირა“): „Das ist ja die verkehrte Welt, ― Die Kälber braten jetzt den Kah, Wir gehen auf den Köpfen! ― Auf Menschen reiten die Gäule; Die Jäger werden dutzendweis ― Für Lehrfreiheit und Rechte des Lichts Erschlossen von den Schnepfen. ― Kämpft die Katholische Eule...“ 6. არისტოტელეს თვალსაზრისსაც შემოგთავაზებთ „პოეტიკიდან“: „უცხოს, არაჩვეულებრივს ვუწოდებ გლოსსას, მეტაფორას, გაგრძელებას და სხვებს, რაც არსებითს, მთავარს გადმოსცემს. მაგრამ, თუ ვინმე ყოველივე ამას ქმნის სხვაგვარად, მაშინ ისაა ან გამოცანა, ან ბარბარიზმი. თუ ის მეტაფორიდან არის, მაშინ გამოცანაა, თუ გლოსსადან - ბარბარიზმი, რამეთუ გამოცანის იდეა ისაა, რომ რეალურად არსებულზე საუბრით წარმოსახო სრულიად შეუძლებელი“22 (Ξενικόν δε λεγω γλώτταν καί μεταφοράν καί επεκτασιν καί το παρά το κύριον άλλ άν τιs αμα απαντα τοιαύτα ποιήση ή αίνιγμα εσται ή βαρβαρισμόs άν μεν οϋν εκ μετα φορών, άίνιγμα, εάν δε εκ γλώτταν, βαρβαρισμόs - αίνίγματόs τε γάρ ίδεα, ՝՝αυτη εστί, τό λεγοντα ՝υπάρχοντα υπάρχοντα άδύναταα συνάψαι XXII. 1458). 7. სასულიერო მწერლობაშიც, გრიგოლ ნაზიანზელის მაქსიმე კინიკოსის წინააღმდეგ მიმართულ საპაექრო თხზულებაში: „ხოლო სიტყვები შენთვის იყო იგივე, რაც არის ლირა სახედრისთვის და ტალღა - ხარისთვის, ხოლო ზღვის მხეცთათვის - უღელი“. 8. დემეტრე მეფე: ცასა ბეწჳთა ეკიდა, ვნახე, კაცი და მასვე კაცს შუბის წვერს ედგნეს დარბაზნი, მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა და ზღუასა ზედა მოარბევდა ცხენითა და ესრეთ ღაღადებდა: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“. P.S. სანამ ვინმეს გააკრიტიკებთ, ჯერ გაიგეთ, რა არის ლექსით ნათქვამი, იკითხეთ და ისწავლეთ ლიტერატურა.
18:03 / 12-02-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```