როცა დედა ბევრს მუშაობს და იშვიათადაა სახლში, ბავშვი შეიძლება ჭირვეული გახდეს. ან სთხოვოს, რომ დედამ მეტი დრო გაატაროს მის გვერდით. თუ როგორ უნდა დაველაპარაკოთ ბავშვს სწორად, ფსიქოლოგი გვპასუხობს.
კითხვა: ჩემი ბიჭი 5 წლისაა. მას ვყავართ ჩვენ, მშობლები, კარგი ძიძა, აქვს უამრავი სათამაშო და ყველაფერი, რასაც მოისურვებს. მე ძალიან ადრე მივდივარ სამსახურში და გვიან ვბრუნდები. ბავშვი მეკითხება, რატომ ვმუშაობ ამდენს და რატომ ვატარებ მის გვერდით ცოტა დროს. როგორ ვუპასუხო?
პასუხი: პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოაგვაროთ.
1. თავდაპირველად საკუთარ თავს აუხსენით, რატომ მუშაობთ ბევრს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, სოციალური სტატსუსის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ან სხვა რამ.
ზოგიერთი ქალი იმიტომ მუშაობს, რომ არ უნდა დაემსგავსოს საკუთარ დედას, რომელიც სახლში იჯდა და არ ვითარებოდა, ვერაფერს მიაღწია. როცა საკუთარ თავს გულწრფელად უპასუხებთ, ბავშვსაც მშვიდად აუხსნით. მთავარია, გულწრფელობა.
2. თუ 5 წლის ბავშვის რეაქციაზე ვსაუბრობთ, ეს შეიძლება უფროსების გავლენით იყოს გამოწვეული. დედა ბევრს მუშაობს - ამის შესახებ ბავშვს ვიღაცამ - ძიძამ ან ბებიამ უთხრა. ფრაზა შეიძლება ემოციების გავლენის ქვეშ იყო ნათქვამი. ბავშვები ისე იღებენ სამყაროს,, როგორიც ის მათ გარშემოა, მათ სხვა ვარიანტები არ აქვთ, კონკრეტულ მოვლენებს კი სხვათა გავლენით აღიქვამენ.
3. სანამ ბავშვს უპასუხებთ, ჰკითხეთ მას, რაზე ოცნებობს, ან რა სურს, დედასთან ერთად რომ გააკეთოს. 5 წლის ბავშვი შეიძლება განიცდიდეს, რომ ყველას დედა აკითხავს საბავშვო ბაღში, მას კი ძიძა. დააკვირდით მის პასუხს, რა აკლია მას თქვენთთან ურთიერთობაში. ხშირად ერთად გატარებული საათები კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ, ის, რასაც ერთად აკეთებთ. დედა აუცილებლად უნდა იყოს მის გვერდით, როცა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები დგება.
შეიძლება ასეთი საუბარი წარმართოთ შვილთან: აუხსენით, რომ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობთ, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდით. ან დაელაპარაკეთ საერთო გეგმებზე და გაარკვიეთ, რისი გაკეთება არ სურს უთქვენოდ.