სამტრედიის მუნიციპალიტეტში ბაღში აღსაზრდელებს ცხენის ხორცი აჭამეს. აღნიშნულზე ინფორმაცია სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ დაადასტურა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცი ბაგა-ბაღებიდან შარშან, 16 ოქტომბერს ამოიღო . საეჭვო ხორცი კომპანია "ელენიკომ" 24 ბაღში შეიტანა და ამისთვის 20 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებმა ცხენის ხორცით მომზადებული საკვები ჭამეს, თუმცა არავინ მოწამლულა.
"ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ აღნიშნული დარღვევები სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში გამკაცრდეს და სისხლის სამართლის კვალიფიკაციით წავიდეს იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ჯარიმებს უბრალოდ იხდიან იმიტომ, რომ ბიზნესის გამო უღირთ." - თქვა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დანელიამ, რადიო "პალიტრას" ეთერში.