მძღოლების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი საკითხია იმ ფონზე, რომ ათასობით ადამიანი იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამოწმებენ თუ არა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და რა პერიოდულობით ხდება ეს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლებს გავესაუბრეთ.
"მძღოლები ვალდებულები არიან წელიწადში 2-ჯერ მოიტანონ ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც მათ სრულფასოვან სამედიცინო გამოკვლევას ასახავს. გარდა ამისა, ყოველ დილას, სამსახურში გასვლის წინ, თუ საჭიროებაა, შეიძლება წნევა გაისინჯოს. ჩვენ ადგილზე გვყავს პერსონალი, რომლებსაც შეუძლიათ შემოწმება ჩაუტარონ მძღოლებს. გარდა ამისა, მძღოლებს აქვთ უფასო დაზღვევა, ამ დაზღვევის ფარგლებში, ისინი ვალდებულნი არიან წელიწადში 2-ჯერ გაიარონ სრული შემოწმება"- ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მიკროავტობუსში საახალწლო ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად მძღოლმა მხედველობა დაკარგა
აღნიშნულთან დაკავშირებით მძღოლებსაც გავესაუბრეთ. ისინი ამბობენ, რომ ყოველ დილით უტარებენ ალკოტესტს, უსინჯავენ წნევას და აკვირდებიან თვალებზეც, რათა უძილობა გამოირიცხოს.
"ისე ვინ გამოგვიშვებს, ჩვენ ყოველ დილით გავდივართ ამ შემოწმებას"- ამბობს #14 ავტობუსის მძღოლი.
გამოკითხვა მგზავრებშიდაც ჩავატარეთ, თუმცა მათი უმრავლესობა ვერ იხსენებს ფაქტს, როცა მგზავრობისას მძღოლი ცუდად გამხდარიყოს.
"ერთხელ მქონდა შემთხვევა. მძღოლი მოწამლული იყო და ამან მსუბუქი ავარია გამოიწვია. არავინ დაშავებულა, მაგრამ კატასტროფული შიში განვიცადეთ".
მგზავრთა ნაწილი ხშირად გამოთქვამს საყვედურს მძღოლების აგრესიულ და უხეშ ქცევაზე. ხშირად გაღიზიანებულები მგზავრებზე იყრიან ჯავრს. საუბარი აღარ არის უხეშობაზე, ზოგიერთი მათგანი ფსიქიკურად გაუწონასწორებლის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა
"ერთხელ მძროლმა ნამდვილი ტერორი მოგვიწყო. გვლანძღავდა, ბარათით ნუ იხდით ფულს, მე მომეცით ხელზეო. ყვიროდა და ილანძღებოდა. შიშისგან ხმას ვერ ვიღებდით, არაფერს მიგვანარცხოს-თქო. არადა მარშუტკებში ბევრი ბავშვი მგზავრობს უფროსის გარეშე, წარმომიდგენია, ისინი რას განიცდიან ასეთი მძღოლის ხელში".
"რამდენიმე კვირის წინ ავედი #27 ავტობუსში. მძღოლმა სწრაფად დახურა კარი და ჩანთა ჩამყვა. დავუძახე, "გამიღეთ, თუ შეიძლება" და შედეგად მივიღე აგრესია, რას ამოდიხარ, თუ ვერ ეტევიო. მე ვუთხარი, რომ ძალიან მეჩქარებოდა, შემდეგ კი მეჩხუბა, რა გატლიკინებსო, ჩამოსვლის დროს კი დამისიგნალა და რაღაცას ლაპარაკობდა აგრესიულად, სავარაუდოდ, მაგინებდა."- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
"ხშირად როდესაც მძღოლს უკანა სკამებიდან ვეძახით, გააჩერონ მოთხოვნით ან გაჩერებაზე, არ ესმით და აგრესიას გამოხატავენ, აქამდე სად იყავი, ადრე ვერ მითხარიო?"- აღნიშნავს ერთ-ერთი მგზავრი ჩვენთან საუბრისას.
ამასთან დაკავშირებით, კვლავ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მივმართეთ.
დედა ავტობუსში ძუძუს აჭმევდა შვილს. მძღოლის სიტყვებმა დედა გააოგნა
"მძღოლის ფსიქოლოგიური შემოწმება არ ხდება. ყველა ავტობუსში არის გამოკრული კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი და შეუძლიათ მგზავრებს მსგავს შემთხვევებში დარეკონ ცხელ ხაზზე და ტელეფონით მოგვწერონ საჩივარი ან მოგვმართონ. ჩვენი შიდა აუდიტის სამსახური დაიწყებს მოკვლევას. დაუკავშირდებიან საჩივრის ავტორს. ზუსტად გამოკითხავენ ყველაფერს, მერე მოხდება მძღოლთან გასაუბრება და გარკვევა, რეალურად რა მოხდა. თუ ჩვენმა მძღოლმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას ან არასათანადოდ მოექცა მგზავრს, მოხდება შიდა წესრიგით გათვალისწინებული სასჯელის მინიჭება."- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
მზავრებს სამარშრუტო ტაქსების გახანგრძლივებული ლოდინიც დისკომფორტს უქმნით. ბოლო დროს აშკარად შეიმჩნევა ყვეთელი მიკროავტობუსების ნაკლებობა.
სატრანსპორტო კომპანია ამასთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას აკეთებს:
"მთლიანად უნდა მოხდეს, პირველ რიგში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსების პარკის შეცვლა და თანამედროვე ავტობუსების ჩამოყვანა, ვინაიდან ის პარკი, ყვითელი ავტობუსები მოძველებული და შესაბამისად, დისკომფორტს იწვევს მგზავრებში. ამიტომ, 2019 წლის ბოლომდე მოხდება მთლიანად პარკის ცვლლება. როგორც იცით, 144 ავტობუსი უკვე შემოსულია, გარდა ამისა, 90 ავტობუსზე ტენდერი უკვე ჩატარებულია და თებერვლის ბოლოს მწვანე ფერის ავტობუსები ჩამოვა საქართველოში და ალბათ მარტის ბოლოდან ნელ-ნელა ეტაპობრივად გავა ხაზებზე. გარდა ამისა, 220 რვამეტრიან ავტობუსზე გამოცხადებულია ტენდერი და ახლა მიმდინარეობს შერჩევა-განხილვა. ასევე, წელს იგეგმება 150 ათმეტრიანი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსის შეძენა. ანუ, მთლიანად მოხდება ავტოპარკის შეცვლა 2019 წლის ბოლომდე".
თამარ იაკობაშვილი