ადამიანებზე ქილიკი და ღიად დაცინვა სოციალური ქსელის ყოველდღიურობაა. ადამიანები საერთოდ არ ფიქრობენ, რა ტკივილი შეიძლება მიაყენონ დამცინავმა კომენტარებმა მათ ადრესატს. ესეც ჩვეულებრივი ბულინგია და ზოგჯერ გამოუსწორებელი შედეგებიც მოჰყვება. ახლახან სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი, სპარტაკ ბუკია გახდა სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი.
მისი ფოტო სოცქსელის მომხმარებლებმა გააშარჟეს და შეურაცხმყოფელი კომენტარებით შეამკეს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი სიმსივნეს ებრძვის, მას შემდეგ კი, რაც საკუთარ ფოტოზე მინაწერები წაიკითხა, საავადმყოფოში მოხვდა. ის ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დამცინავმა დამოკიდებულებამ ადამიანები დააზარალა.
ზრდასრული ადამიანისათვის თუ ასე რთულია მისი მისამართით წამოსული ნეგატივისგან თავდაცვა, წარმოიდგინეთ რამხელა ტანჯვაა ეს ბავშვების და მოზარდებისათვის.14 წლის ემი ევერტი ავსტრალიური კომპანია AKUBRA-ს სახე იყო. სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობამ ემი ცნობადი სახე გახადა ინტერნეტსივრცეში, მაგრამ თაყვანისმცემლებთან ერთად შურიანი და სიძულვილით სავსე ადამიანების რიცხვმაც იმატა. გოგონა ხშირად ხდებოდა მათი თავდასხმის ობიექტი. მოზარდმა ვეღარ აიტანა მუდმივი დამცირება და 2018 წლის 3 იანვარს თავი მოიკლა. (წაიკითხეთ ემის ისტორია).
15 წლის ნიცა თვაურს კლასელები სასტიკად მოექცნენ. გოგონა მეკლდეურობით არის გატაცებული და სერიოზული წარმატებებიც აქვს. ერთ-ერტი ასპარეზობიდან დაბრუნებულს კლასელები ბუშტებით და შეფუთული საჩუქრით დახვდნენ. ნიცამ საჩუქარი საღამოს ფახსნა და შიგნით ფეკალიებით დასვრილი ქაღალდები დახვდა. (წაიკითხთ ნიცას ისტორია).
სოციალურ ქსელში არანაკლები თავდასხმის მსხვერპლი გახდა მსახიობი სოსო ხვედელიძე, რომელიც სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ქეთის საყვარლის როლს თამაშობდა. პერსონაჟთან დაკავშირებული უარყოფითი ემოციები ადამიანებმა პირადად სოსოზე გადმოაფრქვიეს და მისი ლანძღვითაც გული იჯერეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მსახიობმა ფეისბუქში სპეციალური მიმართვა გამოაქვეყდა და ხალხს სთხოვა, აღარ გაეგზავნათ მისთვის უარყოფითი კომენტარების შემცველი სქრინები. "ძალიან დამღლელია უკვე და ძალიან გთხოვთ!!!", - წერდა მსახიობი. (სოსო ხვედელიძის შემთხვევა)