ზოგჯერ მგონია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ჩემი შვილი კომპიუტერში პირდაპირი მნიშვნელობით იქნება შემძვრალი, რადგან ბოლო თვეებია არათუ კომპიუტერს არ შორდება, სხეულის ყველა ნაწილითა და გონებით მასშია ჩაფლული. რამდენიმე კვირის წინ მეზობლის ბავშვი მივუგზავნე, მიდი იქნებ, დედა-შვილობანას თამაშზე მაინც აიყოლიო-მეთქი. ტასომ არც აცია არც აცხელა, მასთან ვირტუალური თამაში გადაწყვიტა და იუთუბ-გადაცემა ჩაურთო. შენ შენს მობილურში უყურე, მე - ჩემსაშიო, განუცხადა.
ყოველთვის ვცდილობდი გარკვეული მინიმალური დრო დამეწესებინა და ტექნოლოგიისთვის მაქსიმალურად ამერიდებინა, მაგრამ კრიტიკული მომენტები მაშინ მეწყება, როცა სტუმრები მოდიან, რადგან იცის,
სხვების თანდასწრებით ჩხუბს არ დავუწყებ, ამიტომ ამაყად დასეირნობს და ცხვირწინ მიტრიალებს მობილურს. ამას გარდა, ბოლო პერიოდში ისე საჭმელსაც არ მიირთმევს, თუ წინ მობილური არ წამომიჭიმა და თვალებით, გემოვნებითა თუ ოცნებით პრინცესების ცხოვრებაში არ გადაეშვა.
ტასო ჯერ პატარაა, თუმცა ჩემი მეგობრების შვილები კიდევ უარეს დღეში არიან. მათთან არც ჩხუბი ჭრის, არც ახსნა-განმარტება და მობილურის გადამალვა ხომ მთლად ისტერიკებში აგდებთ. ამიტომ ისღა დაგვრჩენია უბრალოდ დავსხდეთ და დაველოდოთ, როდის განათდება მათი გონება ან როდის გაიზრდება კომპიუტერის გამოსხივება იმდენად, რომ მიკარება საერთოდ ვეღარ შეძლონ! ჰოდა, ხომ იცით, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ეს გასხივოსნება ჩემი შვილის გონებაში პირდაპირ “ბიბლუსი გალერიიდან” თუ დაიწყებოდა.