თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში 85 წლის კარლ ლაგერფელდმა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა, საკმაო ქონება დააგროვა. ამ ეტაპისთვის მისი მემკვიდრეობა 195 მილიონი დოლარით განისაზღვრება. ვის დარჩება ეს ქონება?
სიცოცხლის ბოლო წლები კარლ ლაგერფელდმა მარტომ გაატარა - არც ცოლი ჰყავდა, არც შვილები. ყველაზე ახლოს იყო კატა შუპეტთან, ნათლულ ჰადსონ კრენიგთან და პირად მცველ სებასტიან ჟონდოსთან. დასავლური პრესა ახლა იმაზე მსჯელობს, ვინ აღმოჩნდება მთავარი მემკვიდრე.
სამოდელო სახლ "შანელის" კრეატიული დირექტორი წლების წინ დაშორდა თავის მეგობარს და მას მერე განუყრელი იყო კატასთან, რომელზეც წიგნიც კი დაწერა და რომელსაც უამრავ ფოტოს უღებდა. მის კატას აქვს ტავისი ექაუნთი ინსტაგრამში, ლაგერფელდის მიერ პირადად მისთვის შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია და მოდელად "მუშაობის" პერიოდში მოგროვილი 3 მილიონ დოლარზე მეტი.
კარლმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო გარკვეული იურიდიული საკითხების მოგვარება, ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად იქნება კატა მთავარი მემკვიდრე. შესაძლებელია ეს მოხდეს, თუ კატას დანიშნავენ "მემკვიდრედ" რაიმე ასოციაციის ან ფონდის მეშვეობით.
კიდევ ერთ კანდიდატად ცხადდება ლაგერფელდის მოზარდი ნათლული - ცნობილი მოდელის ბრედ კრენინგის ვაჟი ჰადსონი, რომელიც ასევე მოდელია. ლაგერფელდს რამდენიმე მოდელთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, მათ შვილებად მოიხსენიებდა და პატრონობდა. ასეთი იყო ბრედიც, რომელმაც მოგვიანებით კუტიურიეს შვილი მოანათლინა. ახლა კი მისი შვილი სავსებით შესაძლებელია, უმდიდრესი ადამიანის მემკვიდრედ გამოცხადდეს.
რაც შეეხება ანდერძს, ჯერ კიდევ შარშან ბრძანა დიზაინერმა, რომ არ სურდა დაკრძალვის ცერემონია. "ვამჯობინებ, კრემაცია გაუკეთონ ჩემს ცხედარს და ჩემი ფერფლი დედაჩემის ფერფლთან ერთად მიმოაბნიონ".
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რას გადაწყვეტენ ცნობილი იურისტები.