საზოგადოებაში ხშირად განიხილავენ, უნდა ისჯებოდნენ თუ არა 14 წლამდე ასაკის კანონდამრღვევები. ბოლო დროს გახშირებული კრიმინალური ფაქტები, უმეტესად, ქურდობა, ხშირად სწორედ არასრულწლოვნების ჩადენილია. მათ იციან, რომ კანინო 14 წლამდე "ხელს ვერ ახლებს". როგორც წესი, ამ ასაკის დამნაშავეებს უფროსი ასაკის კრიმინალები უყენებენ.
საქართველოში მოქმედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. 2007 წელს გარკვეული დანაშაულებისთვის ზღვარი 12 წლამდე შემცირდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა და კვლავ 14 წლით განისაზღვრა.
UNICEF Georgia-მ მოამზადა პროექტი, სადაც საუბარია იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც უნდა გატარდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
"პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს მხარდამჭერი ღონისძიებები და არავითარ შემთხვევაში სადამსჯელო და რეპრესიული, მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს ოჯახის დახმარებაზე. აუცილებელია, არსებობდეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები, და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები იყოს მრავალფეროვანი და იყოს მორგებული ბავშვების საჭიროებებზე."- ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა.
"როდესაც ბავშვს აქვს ძალიან მაღალი ინტერესი, მაგრამ ოჯახს არ აქვს არანაირი რესურსი, რომ ის გარკვეულ წრეზე, კლუბში ან სადღაც მიიყვანოს. ჯგუფი, რომელიც ზოგადად პრევენციაზეა ორიენტირებული, უნდა ეძებდეს შესატყვის სერვისს, სად შეიძლება, რა ტიპის კლუბში ან წრეზე შეიძლება ჩაერთოს ეს ბავშვი. განცდა, რომ მე რაღაც შემიძლია, მე რაღაც გამომდის, არის სერიოზული დამცავი ფაქტორი, რომლითაც შეიძლება ბავშვი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავიდეს"-აღნიშნა ბავშვთა ფსიქოტერაპევტმა, მაია ცირამუამ.
ნახეთ ვიდეო, როგორ სჯის ქართული სასამართლო არასრულწლოვნებს
როგორ სჯის ქართული სასამართლო არასრულწლოვნებს
უნდა ისჯებოდნენ თუ არა 14 წლამდე ასაკის ბავშვები დანაშაულისთვის, საზოგადოებაში აზრთა სხვდასხვაობაა:
"კი, თუ არ დასჯი, უარესს გაკეთებს."
"უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ ჩვეულებრივ საპატიმროში არა, უნდა შეიქმნას სპეციალური დაწესებულება, სადაც ასეთი ბავშები მოხვდებიან."
"გააჩნია დნაშაულს."
"არა, ციხე გამოსავალი არ არის."
UNICEF Georgia კი რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებას:
✓ პასუხი არ უნდა იყოს სადამსჯელო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბავშვს, გააცნობიეროს მისი ქმედების მნიშვნელობა და შედეგები.
✓ პასუხი უნდა მოდიოდეს სოციალური, განათლების და სხვა მომიჯნავე სექტორების მხრიდან. სამართალდამცავებს, ამ პროცესში შეიძლება, მხოლოდ იდენტიფიცირებისა და გადამისამართების ფუნქცია ჰქონდეთ.
✓ ყურადღება უნდა მიექცეს ქმედების გამომწვევ ფაქტორებს, ოჯახურ და სოციალურ გარემოებებს, ბავშვის მახასიათებლებსა და საჭიროებებს.
✓ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს პრობლემების დაძლევაში.
✓ არ უნდა მოხდეს ბავშვის სტიგმატიზება
თამარ იაკობაშვილი