სოციალურ ქსელში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ვიდეო იმავე სკოლის დახურულ ჯგუფში აიტვირთა, რომლის წევრებიც არასრულწლოვნები არიან. ვინ ატვირთა ვიდეოკადრები ინტერნეტში, უცნობია. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია.
რუსთავის 2-ის ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ სოციალურ ქსელში რეალურად გამოქვეყნდა მოსწავლეების ინტიმური კავშირის ვიდეომასალა.
მოსწავლეები სკოლიდან გადაიყვანეს და სხვა სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეო გადაღებულია სკოლის გარეთ, არასასწავლო დროს.
„2019 წლის 25 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
141-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს წინასწარ შეცნობით ძალადობის გარეშე 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. 157-ე მუხლი კი ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და პოლიციაში იკითხებიან როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც.თამარ იაკობაშვილი