ჩვენს აქტიურ ცხოვრების რიტმში, როცა მშობელიც მთელი კვირა დაკავებულია და სხვადასხვა საქმითა და საფიქრალითაა სავსე, ბავშვიც არანაკლებ არის დატვირთული სკოლა-წრეებით და სამეცადინოთი, ძალიან დიდია მოთხოვნილება იმისა, რომ უქმეები, შაბათი და კვირა, იყოს მაქსიმალურად სასიამოვნო, სასარგებლო, განმტვირთავი და რაც მთავარია, მშობლებს და ბავშვებს მიეცეთ საშუალება, ერთად და შინაარსიანად გაატარონ დრო. თუმცა საამისო ადგილები და სიტუაციები ქალაქში, სამწუხაროდ, არც ისე ბევრია.
"ბიბლუსის" კითხვის საათის შესახებ ჩვენი მკითხველების და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის მომხმარებლების დიდმა ნაწილმა უკვე იცის. ვინც არ იცის, მათ შევახსენებთ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია უქმეების აზრიანად გასატარებლად. შემეცნებით-გასართობი ღონისძიება 5-10 წლის ბავშვებზეა გათვლილი - ბიბლუსი გალერეაში (ჭავჭავაძის 7 ნომერში), უკვე არა მხოლოდ შაბათს, არამედ კვირასაც იმართება და ბევრისთვის სასიამოვნო ტრადიციადაც იქცა.
ღონისძიების მიზანი კითხვის პოპულარიზაცია და ბავშვებისთვის წიგნის შეყვარებაა.
კითხვის საათის დროს მოწვეული წამყვანი, რომელიც, როგორც წესი, ცნობადი, საზოგადოებისთვის საყვარელი და ძალიან პოზიტიური ადამიანია ხოლმე, ბავშვებთან ერთად ცნობილი მწერლის მოთხრობებს კითხულობს, ღონისძიების დასასრულს კი პატარები ხატავენ საყვარელ გმირებს, საუკეთესო 4 ნახატი ირჩევა და ბიბლუსში გამოიფინება მთელი 1 კვირის განმავლობაში, 1 საუკეთესო ნახატის მფლობელს სპეციალურად ბიბლუსისგან გადაეცემა საჩუქრად წიგნები. ასევე ბავშვებს ელით სხვა აქტივობები, რომლებშიც სიამოვნებით ერთვებიან. ღონისძიების მხარდამჭერია "ნატახტარი", რომელიც კითხვის საათზე მოსულ ბავშვებს გაუმასპინძლდება ლიმონათებით.
ამ შაბათს განსაკუთრებული ღონისძიება გელით. მოწვეული სტუმარი და წამყვანი ამჯერად იქნება ყველაზე ცნობილი მასწავლებელი, "მასწავლებლების გლობალური ჯილდოს" ფინალისტი, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა. ის ესტუმრება "ბიბლუსს" და საუკეთესო ღონისძიებას გამართავს სპეციალურად ბავშვებისთვის.
„გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდება აქტივობა "გამომცემლობა" რომლითაც პატარები გაიგებენ, რა შრომა უწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც წიგნებს წერენ, ბეჭდავენ და გამოსცემენ. აღნიშნული გაკვეთილის მეშვეობით პატარებს გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის, თანამშრომლობის, გუნთან მუშაობის, მონაწილეობის უნარ-ჩვევები, მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას”, – აღნიშნავს ლადო აფხაზავა.
მაშ ასე, 2 მარტს, ჭავჭავაძის 7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გელით ძალიან საინტერესო შეხვედრა ლადო აფხაზავასთან, ხალისიანად და რაც მთავარია, ნაყოფიერად გატარებული შაბათი დღე - პატარებსაც და დიდებსაც. არ დაგავიწყდეთ - შაბათი დღე კითხვის დღეა! აქციეთ ეს ტრადიციად.