ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზედა ეწერში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ თენგიზ ნაზღაიძე, რომელიც საჭესთან იჯდა და ამავე მანქანაში მჯდომი მისი დედა, შორენა ქალდანი.
შემთხვევა ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინწინ მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაზღაიძე მართავდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი, მათ შორის, ნაზღაიძის დეიდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
"112-ის სამსახურმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანა 2 პაციენტი. ქალბატონი დიაგნოზით პოლიტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
შუახნის მამაკაცი კი შემოყვანილია გულ-მკერდის დახურული ტრავმით, ფილტვების დაჟეჟილობით, ხერხემლის დახურული ტრავმით, წელის მეოთხე მალის მოტეხილობით. უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა", - აცხადებენ ჰოსპიტალში.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რაც 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.