დედის დღე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით აღინიშნა. მათ შორის იყო ზოგიერთი, სხვებისგან გამორჩეული. ერთ-ერთი ასეთია პოსტი, რომელიც ინტერნეტმომხმარებელ ხათუნა ვარდიაშვილს ეკუთვნის და უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს დედის დღეა. სოციალურ ქსელებში ბევრ გულისამაჩუყებელ პოსტს შეხვდებით. ასეთი ტექსტების წერა მარტივია. არაფერია იმაზე ადვილი, ილაპარაკო დედაზე და ადამიანს ცრემლი არ მოადგეს თვალს. მაგრამ მე ცრემლების არ მჯერა. თითქოს არ მჯერა ამ პოსტების, არ მჯერა, რომ გრძნობებზე ასე ხმამაღლა და ხელაღებით შეიძლება საუბარი...
არიან დედები, შვილებს რომ კარგად უგებენ. არიან დედები, სულ რომ ვერ უგებენ შვილებს. არიან დედები, დიდად არ ერევიან შვილების ცხოვრებაში და ისეთებიც არიან, ძალიანაც რომ ერევიან. არიან ყველანაირი დედები…
მე და დედაჩემი ხშირად ვჩხუბობდით და ძალიან ბევრსაც, მე მას ხშირად არც თბილი სიტყვებით ვანებივრებდი და არც კილომეტრიან პოსტებს ვუძღვნიდი, თუმცა მაშინ არც სოციალური ქსელი იყო. დედა, იცოდე, რომ მე მახსოვს ყველა შენი შეცდომა და შენი გაბრაზება, მახსოვს შენი მოთხოვნები და შენი პირობები....
ადამიანი ხომ ასეთია, ჯერ ცუდი ახსენდება ხოლმე, მაგრამ, დედა! იცოდე, რომ კარგის ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, რა ვიცი… არ შემიძლია. ეს ყველაზე უფრო რთული საქმეა და მე ისეთი წერის ნიჭიც არ მაქვს, სათანადოდ რომ გამომივიდეს. ამიტომ იცოდე, იყო წუთები, როცა არ მიყვარდი, მაგრამ იყო და სწორედ ახლა არის საათები და დღეები, წლები, როცა მიყვარხარ და ეს ჩემი სიყვარული ისეთია, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, სიტყვებით დაიწეროს...
დედის დღეს გილოცავთ, ნამდვილს და არა გამოგონილს, არა მხოლოდ ბედნიერებით, არამედ იმ ტკივილითაც, რომელიც დედობას ახლავს. დედობა ძნელია, მძიმე შრომაა და ხან მგონია, რომ ფანტასტიკის ჟანრსაც განეკუთვნება, რადგან თუკი ამქვეყნად რაიმე სუპერძალა არსებობს, მას ალბათ მხოლოდ დედები ფლობენ".