როგორც უკვე იცის ჩვენმა მკითხველმა, შაბათ-კვირას "ბიბლუსი გალერეა" ძალიან საინტერესო, საჭირო და ყველასთვის საყვარელ ღონისძიებას მასპინძლობს - "კითხვის საათს". საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანებს ორი მთავარი კრიტერიუმით არჩევენ - მათ ძალიან უყვართ ბავშვები და წიგნები. ისინი სპეციალური მისიით ხვდებიან პატარებს - ერთი საათი სასიამოვნო, მშვიდ, კარგ გარემოში გაატარებინონ და რაც მთავარია, შეაყვარონ კითხვა.
ბევრი მშობლისთვის და ბავშვისთვის უკვე ტრადიციად იქცა "ბიბლუსში" გატარებული უქმეები - კითხვი საათის შემდეგ ჩატარებული სახალისო აქტივობები, რომლებიც ბავშვები ასევე სიხარულით ერთვებიან და კმაყოფილები ბრუნდებიან შინ. ბევრი მშობელი ამბობს, რომ ამ ღონისძიებას რეალური შედეგებიც მოჰყვა - პატარები უფრო დაინტერესდნენ წიგნებით და ან თავად კითხულობენ, ან მშობლებს სთხოვენ, შინაც ჩაუტარონ "კითხვის საათი".
ალბათ არ იქნება გასაკვირი ის ფაქტი, რომ განსაკუთრებული აქტივობა და გამოხმაურება მოჰყვა ცნობილი მასწავლებლის ლადო აფხაზავას გამოჩენას კითხვის საათის წამყვანის როლში. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრამ ძალიან მხიარულად ჩაიარა და ყველა კმაყოფილი დარჩა.
ცნობილმა პედაგოგმა სახალისო სავარჯიშოები გააკეთებინა პატარებს. სავარჯიშომ „გამომცემლობა“, რომლის დროსაც პატარებმა წიგნები დაამზადეს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე. ყველა მათგანი ლოგიკურად და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წიგნი ყველაზე ღირებული რამაა, რაც კი დღემდე კაცობრიობას შეუქმნია. მისი დაწერა და გამოცემა კი ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საქმეა. ლადო აფხაზავამ ბავშვებთან თამაშ-თამაშში ბევრი საინტერესო თემა წამოჭრა, მაგალითად ის, რომ არც ერთ მათგანს არასდროს არ უნდა შეეშინდეს შეცდომების დაშვების, რადგან წარმატება ხშირად შეცდომების მერე მოდის, შეცდომები კი ცხოვრების ნაწილია.
გთავაზობთ რამდენიმე მშობლის კომენტარს, რომლებიც ამ შეხვედრას დაესწრნენ შვილებთან ერთად:
"კითხვის საათზე ერთი კვირით ადრე დავრეგისტრირდით. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლადო აფხაზავასთან შეხვედრამ. ჩემს პატარებს ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ბიბლუსს" ასეთი ღონისძიების ორგანიზებისთვის და ასევე ლადო აფხაზავას, რომელიც დამსახურებულად ყოფილა 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული. ღმერთმა ქნას, რომ პირველი ადგილიც დაიკავოს“, – სოფო რიჟამაძე. "მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს. შესანიშნავი კითხვის საათი გამოვიდა. განსაკუთრებით მოგვეწონა მისი სტუმარი ლადო აფხაზავა. განსხვავებული და ინდივიდუალური სტილი აქვს ბავშვებთან ურთირთობის. ასეთს ვერსად ისწავლი. ან ხარ ასეთი, ან არა. მადლობა "ბიბლუსს" ასეთი კარგი საღამოსთვის, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ჩემი გოგოები“, – მარინა ნოზაძე.
"კითხვის საათს მეორედ ვესწრებით, ჩემი ბავშვები ისეთი კმაყოფილები მიდიან ამ ღონისძიებიდან, შაბათ-კვრას ტრადიციად გვექცა წიგნის წაკითხვა. დაწოლის წინ მთხოვენ, რომ რაიმე საინტერესო მოთხრობა წავუკითხო. ასე ადრე იშვიათად ხდებოდა. ვფიქრობ, ეს "ბიბლუსის" დიდი დამსახურებაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავად ლადოს ასეთი მშვენიერი, საინტერესო და ენერგიული ღონისძიებისთვის“, – თათო ლომიძე. "ჩემს გოგონას ძალიან მოსწონს კითხვის საათი. ძალიან საინტერესო ფორმატია. საჩუქრებსაც აძლევთ პატარებს, მათთვის ეს დიდი მოტივაციაა. თქვენთან მეორედ ვართ, წინა ღონისძიებაც კარგი იყო, მაგრამ აფხაზავამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჭეშმარიტად საუკეთესო მასწავლებელია, აღფრთოვანდნენ ბავშვები მისით, მადლობა ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის , – ლიკა გიგაური.
კითხვის საათი შემდეგ შაბათ-კვირასაც გაიმართება, ამჯერად - უკვე ბათუმშიც.