ბავშვის უფლებათა კოდექსს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ. ის თავს უყრის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ბავშვის მონაწილეობა მათი უფლებების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის ავტორები დეპუტატი სოფო კილაძე და თსუ-ის პროფესორი პაატა ტურავა არიან.
რისი უფლება ექნებათ თქვენს შვილებს ახალი კოდექსით?
თქვენს შვილებს უფლება აქვთ, იყვნენ დაცულნი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან და ფიზიკური დასჯისგან. მშობლებს გეკრძალებათ, თქვენი შვილების თვითნებური მკურნალობა. ბავშვებს აქვთ საკუთრების უფლება და თქვენ არ შეგიძლიათ მათი პირადი ქონების განკარგვა ან გასხვისება. თქვენი შვილები დაცულები არიან სკოლებში ბულინგისაგან. სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს ძალადობის შეტყობინების ცხელი ხაზი და განისაზღვრება კოორდინატორი. აღნიშნული კანონით ბავშვი დაცულია აზარტული თამაშებისაგან და მავნე ზეგავლენისაგან. 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მხოლოდ თქვენი თანხლებით შეეძლებათ ღამის კლუბში შესვლა და 24 საათამდე გაჩერება. 16 წლამდე ბავშვებს ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში 22 საათიდაბ 8 საათამდე ყოფნა მხოლოდ თქვენი თანხლების შემთხვევაში შეეძლებათ. გარდა ამისა, ბავშვის უფლებათა კოდექსი ვალდებულებას ანიჭებს სახელმწიფოს მხარი დაუჭიროს მშობელთა ზრუნვას მოკლებულ ბავშვებს, იზრუნოს მათ სოციალურ ინტეგრაციაზე და დაიცვას ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან.
პაატა ტურავა კოდესთან დაკავშირებით ამბობს: "კოდექსი არ ანაცვლებს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს, არამედ განამტკიცებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის, განმარტების და აღსრულების ვალდებულებას საქართველოს კონსტიტუციის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით".
თამარ იაკობაშვილი