"სამწუხაროდ, ჩემი შვილის ცხოვრება არ გაგრძელდა ისე, როგორც მეგონა...“ - როგორ ცხოვრობს 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე
"სამწუხაროდ, ჩემი შვილის ცხოვრება არ გაგრძელდა ისე, როგორც მეგონა...“ - როგორ ცხოვრობს 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე
ლელა ვეფხვაძე ზოგისთვის 9 აპრილთან ასოცირდება, ზოგს კი უფრო მეტროსადგურებიდან ახსოვს, სადაც დღესაც მღერის. 9 აპრილის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტები იყო. ის საკუთარ ყოველდღიურობასა და მოგონებებზე გვიყვება:

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება 9 აპრილის შემდეგ, როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ყოველდღიურობა საკმაოდ ცუდია. მიწევს მეტროში სიმღერა. ძირითადი შემოსავალი მაინც ეს არის ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ვარ პენსიონერი და მაქვს პენსია.  მეუღლე გარდამეცვალა უკვე 2 წელია და საკმაოდ დიდი ვალები დამრჩა. იძულებული ვარ, მეტროში ვიმღერო და ამით ვარჩინო ოჯახი. ოჯახში ვართ

მე, ჩემი გოგონა, შვილიშვილი და დედა მყავს ჩემთან კიდევ. პირად ცხოვრებაში, უარყოფითისკენ შეიცვალა ყოფა, დადებითად არაფერი. არც საქართველოში ვიცი რამდენად დადებითად შეიცვალა მდგომარეობა, იმიტომ, რომ, ჩემი სუბიექტური აზრია, უფრო გაუჭირდათ ადამიანებს, ვიდრე უჭირდათ, თუმცა ჩვენ რა მიზანიც გვქონდა იქ დგომის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვფიქრობ, მიღწეულია. ყოველ შემთვევაში, ისეთი შეზღუდულები არ ვართ, როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდში.


- როდესაც გიწევთ ადამიანებთან ურთიერთობა, თუ გრძნობთ დაფასებასა და სიყვარულს?

- კი, ნამდვილად. რომ არა ასეთი ადამიანები, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. მე ვერ ვიტყვი, რომ უარყოფითი დამოკიდებულება არ მხვდება-თქო, მოვიტყუები, მაგრამ ზოგადად უმეტესობა საკმაოდ დადებითადაა განწყობილი ჩემ მიმართ. ვფიქრობ, ახსოვთ მათ 9 აპრილი და მე იმ დღესთან ვასოცირდები. მგონია,

რომ არც ისე ცუდად ვმღერი - ესეც არის, მაგრამ 9 აპრილის ფაქტორი მაინც თამაშობს დიდი როლს. მე ძალიან მიკვირს, მაგრამ ახალგაზრდებში საკმაოდ დადებითი განწყობაა და მადლობა მათ ამისთვის და საერთოდ, მადლობა ყველა იმ მგზავრს, რომელიც მგზავრობს მეტროთი და მიტანს მე ჩემი დინამიკით.

mshoblebi

- თქვენი შვილი იღებდა ,,ნიჭიერში“ მონაწილეობას, როგორ შეიცვალა მას შემდეგ მისი ცხოვრება?

- 2011 წელს ის იყო "ნიჭიერის“ ფინალისტი. სამწუხაროდ, არ გაგრძელდა მისი ცხოვრება ისე, როგორც ვფიქრობდი. არც ერთ კონცერტზე მიწვევა არ ჰქონია, გარდა საქველმოქმედო კონცერტებისა, თუმცა ჩემი შვილია და ცოტა ძნელია იმის თქმა, რომ კარგად მღერის, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად მღერის. მე თვითონ მუსიკოსი ვარ და საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი. როცა არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები. საერთოდ მგონია, ადამიანები თუ კარგს ინდომებენ შვილისთვის, უნდა უთხრან ის, რასაც სხვა ვერ ეტყვის ან არ ეტყვის.


- თქვენი ცხოვრება როგორი იყო 9 აპრილამდე?

- რა გითხრათ, მე ვმღეროდი კაპელაში. უსინათლოთა საზოგადოებას მაშინ ჰქონდა კაპელა. საკმაოდ კარგი ხელფასი მქონდა. სოფელ ახალსამგორში ხალხურ საკრავებზე დაკვრას ვასწავლიდი ბავშვებს. ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ და კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემ მიმართ, ვგრძნობდი, რომ ძალიან ვუყვარდი. 9 აპრილის შემდეგ ყველაფრის ლიკვიდაცია მოხდა, მათ შორის კაპელის. მერე შეიქმნა რაღაც ფოლკლორული ანსამბლი, მაგრამ ძალიან მიზერული ხელფასი იყო. ახლაც ვმღერი, სხვათა შორის. არის ასეთი პროექტი, რომელსაც კულტურის სამინისტრო აფინანსებს, მადლობა მათ ამისთვის. "ლირა“ ჰქვია ამ ანსამბლს და ვმღერი იქ, მაგრამ ეს შემოსავალი არ არის იმდენი, რომ ადამიანს ოჯახისთვის გეყოს და ელემენენტარულად ქირა გადაიხადო. ძნელია მარტო ამ მიზერული თანხით ცხოვრება.

ჩემი უფროსი ქალიშვილი დაოჯახებულია და მყავს 3 წლის შვილიშვილი. ამ წუთში, საავადმყოფოშია და ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს... მყავს მეორე ქალიშვილი, 22 წლის ანა, რომელიც გათხოვილია ასევე და ველოდებით პაწაწინას. დიდ ოჯახს დიდი მოვლაც უნდა...


- როგორ ხედავთ თქვენს თავს, თქვენს ოჯახს და ზოგადად, ქვეყანას მომავალში? რა გინდათ, რომ შეიცვალოს?

- მე პატარა გოგო აღარ ვარ, ჯანმრთელობაც საკმაოდ შერყეული მაქვს და ყოველთვის მეშინია ერთი რამის - მე რომ რამე მომივიდეს ჩემი შვილები დარჩებიან ცის ქვეშ. არ ექნებათ ბინა. ამის ძალიან მეშინია. ერთადერთი სურვილი მაქვს, მქონდეს საკუთარი ბინა, რომ არ მიწევდეს გადასვლა-გადმოსვლა. რაღაც თანხით მაფინანსებს მერია ქირასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ამ მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის... ერთადერთი სურვილი, პირველ რიგშ, არის ის, რომ ბინა მქონდეს მომავალში და მე ოპტიმისტი ვარ, მიმაჩნია, რომ ჩემი შვილები გავზარდე ისე, როგორმე შეძლებენ თავიანთი თავის რჩენას. რაც შეეხება ჩვენს სამშობლოს, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და არ გაგვწირავს უფალი. თუ კი ჩვენც მოვინდომებთ და არ განვუდგებით უფალს. მაინც მგონია, რომ საქართველო ბოლომდე მიაღწევს იმას, რომ იყოს დამოუკიდებელი, ლამაზი და ბედნიერი ქვეყანა, სადაც ყველას გაუხარდება ცხოვრება.

თამარ იაკობაშვილი
ტეგები: 9 აპრილი
7378
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
!!
1
მწარე რწალობა ისაა რომ იმ დასაქცევი საბჭოთა კავშირის დროს რაც დღეს სალანძღავი სიტყვაა თუ ვინმეს რამე ცუდი უნდა თქვას ქვეყანაზე საბჭოთა კავშირის ბრალიაო ბობენ მაგრამ მაშინ თავზე ჭერიც ჰქონდა ამ ადამიანსაც და შემოსავალიც როგორც თვითონა ამბობს ისეთი თან ოჯახს რომ არჩენდა ისეთი.. რაც თაბისუფალია საქართველო ხალხი ნაკადივით გაედინება ქვეყნიდან და რატომ მინიმალური არა აქვთ სამშობლოში და იმიტომ.. ეხლა კიდე ლანძღეთ საბჭოთა კავშირი თავისუფალო მშივრებო უპერსპექტივო ხალხო.. ეხვეწეთ ევროპას აგერ არ გაღიარებთ უსაფრთხო ქვეყანააო.. ასე გამათხოვრებული და ღირსება დაკარგული ქრთველი ერი როგორც დღესაა არ ყოფილა არასდროს!!
02:46 / 10-03-2019
დოდო
1
გოგონების ქმრებმა მაინც ატარონ ეს ქალი ხელის გულზე უიმეეე
00:10 / 09-03-2019
მსგავსი სიახლეები