8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა და ყველა ქალს, გულის სიღრმეში მაინც, უხარია ეს დღე, ის ყურადღება, რასაც მის მიმართ გამოხატავენ და ზოგიერთი სულაც მხოლოდ ამ დღეს გრძნობს, რომ ქალია და მოვლა და მოფერება სჭირდება.
არიან ქალები, რომლებსაც განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ ამ სითბოსა და ყურადღების და ძალიან ენატრებათ მოსიყვარულე გარემოში გატარებული დღესასწაულები. მსჯავდრებულ ქალებს, ბევრ სხვა რამესთან ერთად, რასაკვირველია, ეს დანაკლისიც აქვთ და მათდამი გამოხატული ნებისმიერი კეთილი ჟესტი ასმაგად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
ალბათ სწორედ ამის გამო "ბიბლუსმა" გადაწყვიტა, ქალთა საერთაშორისო დღეს მსჯავრდებული ქალებისთვის გაეკეთებინათ გამორჩეული საჩუქარი და N5 პენიტენციურ დაწესებულებას „ბიბლუსის“ წარმომადგენლებთან ერთად ქართველი მწერლები - თათული ღვინიანიძე, ალეკო შუღლაძე და რამაზ გიგაური ესტუმრნენ. დაწესებულებას საჩუქრად ცნობილი ავტორების წიგნები გადასცეს, მწერლები კი მსჯავრდებულ ქალებს თავიანთ შემოქმედებაზე ესაუბრნენ და საკუთარი წიგნები წარუდგინეს. შეხვედრაზე ქალთა დაწესებულების რამდენიმე პატიმარმა თავისი ლექსი წაიკითხა და მცირე სპექტაკლიც დადგა, რამაც გარშემო მყოფების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
როგორც „ბიბლუსის“ საზოგადოებათან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ჯაფარიძემ აღნიშნა, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც 8 მარტი მიულოცა "ბიბლუსმა" მსჯავრდებულებს და ეს სტრადიციად იქცა.
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შეხვედრა ძალიან ემოციური იყო და არა მხოლოდ მსჯავრდებულ ქალბატონებზე მოახდინა დიდი გავლენა, არამედ თავად მწერლებზეც.
შთაბეჭდილებას გვიზიარებს მწერალი თათული ღვინიანიძე:
- რვა მარტთან დაკავშირებით "ბიბლუსმა" ქალთა მე-5 დაწესებულებაში წამიყვანა, სადაც პატიმრების გაცნობის საშუალება მომეცა.
მათ მიერ შესრულებული პანტომიმური წარმოდგენა ვიხილე. სხეულის ენით გვიყვებოდნენ, რაოდენ რთულია, როცა საყვარელი ადამიანის სანახავად რამდენიმე წუთი გაქვს და მაშინაც თქვენს შორის ცივი შუშაა აღმართული. ცრემლები წამომსკდა. ვერაფრით შევიკავე თავი... გულში ჩამწვდა მათი ტკივილით სავსე თვალები, გავლილ დღეთა კვალი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ამ ქალების სახეზე, მიმიკაზე, მიხვრა-მოხვრაზე... წიგნებზე და საკუთარ თავზე საუბრის შემდეგ, მათი ისტორიები მოვისმინე.
ჩემი შთაგონების წყარო გახდნენ... დავპირდი, რომ ერთ ძალიან მაგარ პროექტს გავუკეთებდი, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა.
მადლობა "ბიბლუსს" ამ დაუვიწყარი დღისთვის და მოგონებისთვის... ის ქალები ჩემში სამუდამოდ დარჩნენ და, იმედია, მეც დავრჩი მათ გულში!