მამუკა ხაზარაძე "თიბისი“ ბანკთან დაკავშირებული გახმაურებული პროცესების ფონზე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მის სახელს საკმაოდ ბევრი წარმატება უკავშირდება, თუმცა ცნობილ ბიზნესმენს ასევე ჰარმონიული ოჯახი და პირადი ცხოვრება აქვს.
მამუკა ხაზარაძის მეუღლე მისი თანაკლასელი ირინა ხიდაშელია.
"ისე აეწყო ჩვენი ცხოვრება, ხასიათობრივად ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ მე და ჩემს მეუღლეს კამათიც კი არ მოგვსვლია ერთმანეთში. იყო დრო, როცა სახლში არც შუქი იყო, არც საჭმელი, 90-იანები იდგა, მაგრამ ვიცოდი, რომ სახლში იყო ქალი, რომელიც ლომივით ეფარებოდა და იცავდა შვილებს, სანამ მამაკაცი სახლში მივიდოდა. ამის განცდა რომ აქვს კაცს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი საქმის წარმატებისთვის. გრძნობ, სადაც არ უნდა იყო, შენი ოჯახი, შენი შვილები და კერა დაცულია", - აცხადებდა მამუკა ხაზარაძე "პალიტრავიდეოს" გადაცემაში.
წყვილს 5 შვილი ჰყავს. მათგან ერთი, ანა, რომელიც ლონდონში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა, გათხოვილია. მისი მუღლე კოტე გუნიაა. წყვილს საერთო ბიზნესი აქვს. ქართული პრემიუმხარისხის წინდების ახალი ბრენდი "როუზბადი" ანა და კოტემ საკუთარი ფინანსებით წამოიწყეს.
სხვათა შორის, ანა გათხოვებამდე დიდი ხნით ადრე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ანას სურდა, თავისი დამტვრეული მანქანის შესაკეთებელი თანხა თვითონ ეშოვა.
შოტლანდიაში ბიზნეს-ფაკულტეტზე სწავლობდა მამუკა ხაზარაძის ვაჟი ნიკა, ელენე - ამერიკულ აკადემიაში. სოფომ, რომელიც მამიდის სეხნიაა, კი მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. უმცროსი იოანე კი ჯერ მხოლოდ 9 წლიასაა.
ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძე შვილებს საკმაოდ მკაცრად ზრდის, თუმცა მათ პირად არჩევანში არასოდეს ერევა.
"ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რაც მეტი გატაცება ექნებათ, ეს უფრო დაეხმარება ცხოვრებაში იპოვონ თავისი თავი. ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის. რაც არ უნდა კარგი საქმე, ოჯახი და სამეგობრო გყავდეს, ადამიანს საკუთარ ტავთან განმარტოება უნდა შეეძლოს. მუსიკა, კითხვა თუ სხვა გატაცება ქმნის სწორედ იმ მომენტებს, როცა დიდი სამომავლო აზრების კონცენტრირება ხდება. მაგალითად, მე ბავშვობისას ფანჯრის რაფაზე ჯდომა და სივრცის ყურება მომწონდა. დღემდე გამომყვა ეს ჩვევა - როცა სივრცეს ვუყურებ, ჩემში ბევრი რამ ხდება".