"რამდენი ტკივილი და სიხარული იწვნიე ცხოვრებისგან... ვწუხვარ, მაგრამ მალე ის დრო მოგენატრება..." - მამა პეტრე ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
"რამდენი ტკივილი და სიხარული იწვნიე ცხოვრებისგან... ვწუხვარ, მაგრამ მალე ის დრო მოგენატრება..." - მამა პეტრე ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
მამა პეტრე თავის გოგონას, მარიამ კვარაცხელიას, რომელიც 18 წლის გახდა, დაბადების დღეს ულოცავს და ასეთ ტექსტს უძღვნის:

"ასე მგონია ერთად დავიბადეთ... მგავს კი არა, მე ვარ. სამშობიაროში რომ მივედი, ნინოს ჩემი ბავშვობა ჰქონდა გულზე მიკრული.
ერთად გავიზარდეთ... ერთად დავდიოდით უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკაში, ლაშქრობებზე...
13 მარტს უკვე 18 წლის ხდება.
რა პატარა ასაკია, მაგრამ რამდენი რამ გამოიარე... რამდენი ტკივილი და სიხარული იწვნიე ცხოვრებისგან... არასდროს გიყურებდი როგორც უმცროსს, როგორც პატარას... დაბადებიდან მეგობრები ვიყავით, დაბადებიდან ყველაფერი ერთნაირად გვესმოდა, ან არ გვესმოდა...
რა კარგი იყო, ჩვენს პატარა სახლუკაში
ერთად რომ ვაწყობდით კუბიკებს, ვკითხულობდით ლექსებს, ვცეკვავდით... დღემდე დამცინი, რა საშინლად მასწავლიდი ცეკვასო... გინდოდა გემღერა, მაგრამ ამაშიც მე მგავხარ და ეს მართლა საშინლად გამოგდიოდა...
ბავშვობაში, ძალიან პატარა ასაკში გადაწყვიტე, "მარიტა" ვიქნებიო... "ნატვრის ხემ" იქონია გავლენა და ცხოვრებამაც ხელი შეგიწყო...
მარიტა ხარ, ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, გონიერი, ქვების გროვას გადარჩენილი მარიტა... გადარჩი კი?! კი, აუცილებლად გადარჩი და რაც მთავარია, ღირსეულად გაუძელი ციციკორეების ყველაზე მახინჯ მორალს...
არ გაბოროტდი, ან როგორ უნდა გაბოროტებულიყავი, ღმერთმა მშვენიერებისთვის შეგქმნა...
ხშირად ვკამათობთ, ოღონდ ამ კამათშიც ერთმანეთს ვეთანხმებით, მაგრამ თავს არ ვუტყდებით...
დედაშენმა გუშინ თავისთვის ჩაილაპარაკა, პაატა, წარმოგიდგენია, უკვე 18-ის გახდაო... ცრემლი
მომერია, რადგან ამ თვრამეტ წელიწადში ასწლიანი გამოცდილებები მიიღე... შენი თვალით დაინახე, ამ დაუნდობელ გარემოშიც შეიძლება კეთილი, მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები გყავდეს გვერდით და თავი ამით ინუგეშო...
18-ის ხარ და გგონია, რაღაც შეიცვლება, გგონია თავისუფლდები... ვწუხვარ, მაგრამ მალე ის დრო მოგენატრება, პასუხისმგებლობას მე რომ მკიდებდი, მე რომ ,,მაბრალებდი"... ჰო, ამ ასაკიდან უფრო მეტად მოგიწევს დანაღმულ ველზე სიარული, უფრო მეტად ჩაგისაფრდებიან, მაგრამ შენ გაუძლებ, შენ ისეთები გამოიარე, ადვილად გადაიტან...
ნურასდროს დაითვლი, ვინ რამდენჯერ გატკინა, სულ გახსოვდეს, ვინ რამდენი სიხარული და ბედნიერება მოგიტანა...
ისეთი ხუჭუჭა იყავი, დავარცხნის დროს გვიკლებდი... ჰოდა, ამის გამო ,,ბუძგურია" შეგარქვი...
პირველად ბაღში რომ მიგიყვანე, რამხელა ძმა ყოლია მარისო... პედაგოგს სიტყვა არ შეარჩინე-,,ჩემი მამაჩემი არის, ჩემი მამაბიჭიო"...
მარტივით აუტანელი და ცვალებადი ხასიათი გაქვს...
გამორჩეულად მიყვარს შენი ერთგულება, უბრალოება, პრინციპული ხასიათი...
არასდროს ეგუები უსამართლობას, არასდროს უშინდები დაბრკოლებებს... პირიქით, გიჟდები გამოწვევებზე...
ღმერთს შეურიგდი, ადამიანობა ბოლომდე შეინარჩუნე და ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება...
არაფრის გამო არ დათმო შენი ღირებულებები...
,,ბუძგურია", პირველი სიტყვა გამახსენდა, შენ რომ მითხარი... !"
,,მ ი ტ ა თ ა"...
ჰო, მიყვარხარ, მამა!.. ბიჭი მამა, შენი მამა ბიჭი!"

ტეგები: მამა პეტრე
1944
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```