საზოგადოებას კარგად ახსოვს ლენტეხში მომხდარი ფაქტი, როდესაც ამირან დევნოზაშვილმა ოჯახის წევრები სახლში გამოკეტა და სხვებთან კომუნიკაცია აუკრძალა. მისი 8 შვილიდან არც ერთს სკოლაში არ უვლია. მამა დაკავებულია და სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ბავშვები კი ახლა თბილისში ცხოვრობენ მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში. დავინტერესდით, ახლა თუ ეძლევათ ბავშვებს განათლების უფლება და როგორია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, მათ მიმართეს სასამართლოს და დედის მიმართ გაიცა დამცავი ორდერი, რომლითაც მას არ შეუძლია აუკრძალოს ბავშვებს სკოლაში სიარული.
"ორდერის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა დაარეგისტრიროს ეს ბავშვები სკოლაში, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ. დავარეგისტრირეთ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. თუმცა, ამ დრომდე ბავშვები ჯერ კიდევ არ მისულან სკოლაში. დედამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ბავშვები მივიდნენ სკოლაში. მაგრამ, დედა ამბობს, რომ არ უშლის ბავშვებს ხელს და არ ეუბნება მათ, სკოლაში არ იაროთო, უბრალოდ, ბავშვებს არ უნდათ სკოლაში სიარული. სოციალური მომსახურების სააგენტოსთანაც ბავშვები ამას ამბობენ, რომ არ უნდათ სიარული სკოლაში და ვინც არ უნდა უთხრათ, არ წავლენ და ასეთი გამოუვალი სიტუაცია გვაქვს."- ამბობეს სააგენტოში.
მათი ინფორმაციით, ბავშვებს აქვთ დიაბეტი, დამოკიდებულები არიან ინსულინზე და გაღიზიანება არ შეიძლება. ამიტომ, ბავშვებს ვერ აძალებენ სკოლაში სიარულს. იგივეა ფსიქოლოგის მომსახურებაზეც. დედა ამბობს, რომ არ უშლის ბავშვებს, მაგრამ მათ არ უნდა ეს კონსულტაცია.
"ამ დამცავ ორდერს 6 თვე აქვს ვადა, ერთი თვე უკვე გავიდა, ამ დროის განმავლობაში დედა ვალდებულია, როგორმე დაიყოლიოს ეს ბავშვები და მიიყვანოს სკოლაში."- ამბობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
დედის გარდა ბავშვებთან ახლო ურთიერთობა აქვს ბიძას, მამის ძმას, და ისიც ინფორმირებულია ბავშვების გადაწყვეტილების შესახებ.
სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი და გარეთ არ უშვებს