ბაბუა სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, მაგრამ ქართულში მიღებული ორიანის გამო ჩაიჭრა და სწორედ ამ ფაქტმა დააწყებინა წერა"
"ჩვენი ცხელი მზის ბრალია, ალბათ,
უსიყვარულოდ ვერა და ვერ ვძლებთ.
თავაწყვეტილი ქარის ბრალია,
რომ მივსდევთ ქალის გაფრენილ
დალალს..."
ოტია იოსელიანის შემოქმედებაში ქალს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შესაბამისად, მის შვილიშვილთან საუბრის დროს ეს კითხვა, ვინ იყო ის ქალი, ვისზე ფიქრმაც ოტია იოსელიანს თავისი შემოქმედების დიდი ნაწილი დააწერინა, ერთ-ერთი პირველი იყო.
ოტია იოსელიანი-უმცროსი 27 წლისაა, ის არქიტექტორია, რამდენიმე წელია, რაც თბილისიდან წყალტუბოში დასახლდა, ბაბუის კარ-მიდამოს დაუბრუნდა. "ოტიას ეზო" - ასე ჰქვია იმ ადგილს, სადაც მწერალმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. დღეს მის სახლ-კარს მისი შთამომავლები უვლიან. როგორი ბაბუა იყო ოტია და რა ახსენდება ყველაზე ხშირად მწერალი ბაბუის დარიგებიდან, ოტია იოსელიანი მოგითხრობთ:
ოტიას ცრემლი
- ოტიას თვალზე ცრემლი არც მის შვილებს უნახავთ და არც შვილიშვილებს, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბებია გარდაიცვალა - ქეთევან ფანცხავა. მაშინ პატარა ვიყავი და მომარიდეს, მაგრამ ოტიას სახე მაინც დავინახე, არასდროს დამავიწყდება,"თურმე ესეც ტირის-მეთქი, გავიფიქრე.
მეშვიდე კლასში იყო ოტია, როცა ბებო მის კლასში სხვა სკოლიდან გადავიდა, ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. ბებო იყო ის ქალი, რომელთანაც ბაბუმ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, მან არა მარტო შვილები გაუჩინა, არამედ ოტიას წიგნების მთავარი რედაქტორიც იყო, თუ რამე არ მოსწონდა, პირდაპირ ეუბნებოდა, ასე არ ივარგებს და გაასწორეო. ძალიან ხშირად თავიდან დაუწერია...
"სითბოს გამოხატვა არ სჩვეოდა"
- ხატვაზე დავდიოდი. ბაბუს გარდაცვალების შემდეგ, როცა უკვე წყალტუბოში დავფუძნდი, ხატვის მასწავლებელმა დამირეკა, როცა ჩამოხვალ თბილისში, მესტუმრე, რაღაც მინდა გითხრაო. ვესტუმრე და ერთი ამბავი მომითხრო. ერთ დღეს, როცა გაკვეთილი მიმდინარეობდა, უცებ კარზე კაკუნი გაისმა. სამხატვრო სკოლაში ყველა კაკუნის გარეშე შედი-გამოდიოდა და ამიტომ უცნაურად მოსჩვენებია ხატვის მასწავლებელს. დაუძახია, შემოდითო, კაკუნი განმეორებულა, შემოდითო, ისევ დაუყვირია, მაგრამ მაინც არ გაჩერებულა სტუმარი. გაბრაზებულა მასწავლებელი, მაინცდამაინც ფეხზე უნდა ამაყენოსო და თავად გამოუღია კარი, იქ კი ოტია მდგარა. კარგად დაჰკვირვებია, მერე იქაურობისთვის გადაუხედავს და უკითხავს, აქ ჩვენი ბიჭი სწავლობსო? მასწავლებელს უთქვამს, ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეაო. როგორ არის მაგის საქმე, გამოვა რამეო? ბაბუა ძალიან კარგად ხატავდა, სამხატვრო აკადემიაში აბარებდა, მაგრამ ქართულში მიღებული ორიანის გამო ჩაიჭრა და სწორედ ამ ფაქტმა დააწყებინა წერა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინ იქნებოდა ჩემი ხატვის მასწავლებელი. გამოიკითხა ჩემი ამბავი და წამოვიდა, ეს იყო სითბო, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატა, არადა, სითბოს გამოხატვა არ სჩვეოდა.