ამქვეყნად უამრავი საბავშვო წიგნია, თუმცა ყველა მათგანზე მულტფილმებს არ იღებენ. მართლაც გამორჩეული წიგნი უნდა იყოს, რომ ჯერ კინოინდუსტრია დაინტერესდეს მისით, შემდეგ კი ამ ფილმმა მსოფლიოს ბავშვთა გულები დაიპყროს. ბრიტანელი მწერლის, კრესიდა კოუელის წიგნს სწორედ ასე "დაემართა"...
"როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" ავტორმა ჯერ კიდევ 2003 წელს დაწერა, მაგრამ მას მერე, რაც მისით კინოსტუდია დაინტერესდა და კინოთეატრებთან რიგი დადგან, წიგნის მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. რა თქმა უნდა, ასეთ პოპულარულ წიგნს არც ქართული გამომცემლობები გაუშვებდნენ ხელიდან და მალე ბესტსელერი ქართულ ენაზეც ითარგმნა.
წიგნი ვიკინგებსა და დრაკონებზეა, თუმცა მასში ისეთი ბავშვური იონები, თავგადასავლები, წყენა თუ სიხარული, მარცხი და გამარჯვებებია არწერილი, რომ ნებისმიერი თანამედროვე ბავშვი გაუგებს და დაინტერესდება.
ბოყინა მართლაც გამორჩეული ვიკინგი გმირია. მას ვიკინგების მთელ საბრძანისში ,,დრაკონთმოჩურჩულეს" სახელით იცნობენ... მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. ეს ძლევამოსილი მეომარი ერთ დროს ბანჯგვლიანი ხულიგნების ტომის ბელადის წყნარი, ფიქრებსა და ოცნებებში გართული ვაჟი იყო... გაინტერესებთ, როგორ მოახერხა ბოყინამ დრაკონების გულის მოგება და როგორ გახდა მათი ლიდერი? ეს მართლაც ისეთი ამბავია, ნებისმიერი ბავშვი რომ სულმოუთქმელად წაიკითხავს.
"ის ფაქტი, რომ წიგნის მიხედვით უკვე გადაღებული და სამომავლოდ დაგეგმილი ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმები საყოველთაო პოპულარულობით სარგებლობს როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, დარწმუნებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წიგნების სერიას, რომელსაც ეს მულტიპლიკაციური ფილმები ეფუძნება, პატარა მკითხველი დიდი სიყვარულით მიიღებს" - ამბობს წიგნის მთარგმნელი, არჩილ რაჭველი.
"როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" ქართველმა ბავშვებმაც ისევე აღტაცებით მიიღეს, როგორც მათმა უცხოელმა თანატოლებმა. ამიტომ გამომცემლობა პალიტრა L-მა მისი მეორე ნაწილიც თარგმნა და მას პატარა მკითხველი აპრილში მიიღებს.
ეს არის წიგნი ბავშვურ და დიდურ სამყაროზე, სიკეთესა და მამაცობაზე, მეგობრობასა და თავდადებაზე - ეს ყველაფერი მართლაც რომ ფრთებს შეასხავს ბავშვის ფანტაზიას.