ამ ექთნის წერილმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. უამრავი მოწონება ხვდა წილად და სოციალურ ქსელში ბევრი ისეც აზიარებს, თითქოს ქართველმა ექთანმა დაწერა. სინამდვილეში, მისი ავტორი ახალგაზრდა ექთანი კეიტლინ ბრასინგტონია, რომელიც ყოველდღე იბრძვის სხვისი სიცოცხლისთვის, ჩუქნის ადამიანებს იმედს.
რასაკვირველია, იმიტომ არ აურჩევია ეს პროფესია, რომ ადამიანებმა გმირად ჩათვალონ, თუმცა ნაცნობის მიერ წამოსროლილმა ფრაზამ აიძულა, საჯაროდ დაეწერა წერილი საკუთარი თავისა და კოლეგების სახელით:
"ეს-ესაა დავბრუნდი სახლში სამსახურიდან, ჯერ კიდევ ფორმა მაცვია. გზად მაღაზიაში შევიარე, რძის საყიდლად და ნაცნობი შემხვდა. ადრე არასდროს ვენახე ფორმით და პირდაპირ მომახალა, აზრზე არ ვიყავი, რომ "უბრალოდ ექთანი" ყოფილხარო. ვაუ! 18-წლიანი მუშაობის განმავლობაში არაერთხელ მომისმენია ეს ფრაზა, მაგრამ დღეს ძალიან იმოქმედა ჩემზე. ნუთ მე უბრალოდ ექთანი ვარ?
მე დავხმარებივარ ბავშვებს ამქვეყნად მოვლენაში, რომელთაგან ბევრს პირველი ამოსუნთქვაც გაჭირვებია, და მე მხოლოდ და მხოლოდ მედდა ვარ.
ხანდაზმული ადამიანების ხელი მეჭირა, ვეხმარებოდი მათ, თავი არ დაეკარგათ სიკვდილ-სიცოცხლის ზღურბლზე, და მე უბრალოდ ექთანი ვარ.
მე ვანუგეშებდი მშობლებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს, და მხოლოდ და მხოლოდ მედდა ვარ.
პაციენტებს პირველ დახმარებას ვუწევდი და სიცოცხლეს ვუნარჩუნებდი, და უბრალოდ ექთანი ვარ.
მე თვალები, ყურები და ხელები ვარ ექიმების, რომლებსაც თქვენი ავადმყოფობების განკურნება შეუძლიათ, და მე მხოლოდ და მხოლოდ მედდა ვარ.
გამისინჯავს ახალშობილების ფილტვები, რომ გამეგო, რომელ უბანს არ მიეწოდებოდა საკმარისი ჟანგბადი, და მე უბრალოდ ექთანი ვარ.
მე შემიძლია პაციენტების, სანიტრების და უმცროსი ექთნების სწავლება, და მე მხოლოდ მედდა ვარ.
მე ვიცავ პაციენტებს სადაზღვევო კომპანიებთან დავებში, რომლებიც ყოველთვის არ მიიჩნევენ პაციენტების ჯანმრთელობას პრიორიტეტად, და მე მხოლოდ და მხოლოდ მედდა ვარ.
მე ვმუშაობ შობას, ჩემი შვილების დაბადების დღეებსა და მათ ზეიმებზე, იმისთვის, რომ თქვენს ახლობლებზე ვიზრუნო, და მე უბრალოდ ექთანი ვარ.
მე შემიძლია სისხლის აღება, ჭრილობის გაკერვა და კიდევ ბევრი სხვა რამ, და მე მხოლოდ და მხოლოდ მედდა ვარ.
შემიძლია ადამიანის გადარჩენა ინფარქტის დროს, იქნება ის ახალშობილი, ბავშვი თუ მოზრდილი, და მე უბრალოდ ექთანი ვარ.
წონიდან გამომდინარე შემიძლია დავასახელო ადრენალინის ან ამიოდარონის დოზა, რომელიც თქვენს შვილს სიცოცხლეს დაუბრუნებს, და მე მხოლოდ და მხოლოდ მედდა ვარ.
ჩემი ცოდნა და გამოცდილება ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
ასე რომ, თუ მე თქვენთვის უბრალოდ ექთანი ვარ, მე საოცრად ვამაყობ ამით!"
"დავიღალე. მივდივარ... ნუ გახდებით ავად!" - ქირურგის გამაოგნებელი წერილი