პლასტიკი გლობალურ პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, ქვეყნები ცდილობენ, შეამცირონ მისი ნარჩენებისგან გამოწვეული მავნე ზეგავლენა. პირველი აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება. ამ ცვლილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ე.წ. ცელოფნის პარკებს ისე მივეჩვიეთ, რომ ნებისმიერი დიასახლისი წუხს, როგორ უნდა იცხოვროს მის გარეშე. ყველას უტრიალებს თავში კითხვა, რამდენად მდგრადი იქნება ბიოდეგრადირებადი პარკები სითხის, ცხიმის მიმართ, დაცული იქნება თუ არა გაჟონვისგან. განსაკუთრებით უკმაყოფილონი ის ადამიანები არიან, რომელთათვისაც პლასტიკის პარკების გაყიდვა ერთ-ერთ ძირითად შემოსავალს წარმოადგენს.
- ევროპიდან რომ შემოგვაქვს დირექტივები, იქ სხვანაირადაა დაწყებული ეს პროცესები. იქ ხალხს არ ტოვებენ უმუშევრად. ნარჩენებს ახარისხებენ, ცალკეა პლასტიკის ნარჩენები, ცალკე - საჭმლის ნარჩენები და სხვა. პლასტიკის ნარჩენი იგივე ნედლეულია. ამის ნარჩენის გადამუშავებით იაპონიაში იკერება ქურთუკები. იაპონიის დონეზე თუ ვერ მივალთ, სხვა რამეში მაინც გამოვიყენოთ. დღეს საქარტველოში პატარ-პატარა საამქროებია, რომლებიც უშვებს სარწყავ მილებს, სხვადასხვა პლასტიკატის ნივთებს სწორედ ამ ცელოფნებისა და პლასტმასის ბოთლის გადამუშავებით. ესე იგი, ამ პატარა საამქროებსაც აჩერებენ. ათასამდე ადამიანია დასაქმებული მარტო ამ ქსელში.
- ახალი პარკები გაქვთ უკვე დახლებზე?
- ჯერ მასალაც არ არის შემოსული ამ ბიოდეგრადირბადი პარკების. ძალიან ძვირია, დაახლოებით 4000 ევრომდეა ერთი ტონა ნედლეულის ფასი. 25 თეთრიანი პარკს რომ შევადაროთ, გამოდის, რომ ერთ საშუალო ზომის პარკში ორ ლარზე მეტს გადავიხდით. ჩვენს გაღატაკებულ ქვეყანას შეუძლია ამის ატანა? ყველაფერი ხომ ხალხს აწვება კისერზე. მემგონი, ეს არასწორად წარმართული პროცესია. უნდა დაეხარისხებინათ ნარჩენები, ყველა ცივილურ ქვეყანაში ასეა. რომ ამბობენ, ოკეანეებში თევზები და ვეშაპები იხოცებიანო, რომელი ქვეყნებიდან ჩადის ამ ოკეანეებში ეს ნარჩენი? სადაც მეორადი გადამუშავების წარმოება და, ზოგადად, ქარხნები არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სამუშაო და ახლა გვეუბნებიან, ადექით და წადითო. სად წავიდეთ, 2 მილიონი ემიგრანტი რომ გვყავს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია კიდევ ამის ატანა? უკმაყოფილება იქნება ძალიან დიდი, მაშინ ჩვენც ავდგებით, გავიფიცებით და ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. ქუჩაში რომ ვზივართ, აზროვნება კი არ დაგვქვეითებია, ვიცით, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება ეს ყველაფერი", - გვიამბობს სადგურის მოედანთან არსებულ ბაზრობაზე დასაქმებული ლია ქემაშვილი, რომელიც დიდი ხანია პლასტიკის პარკებსა და ნივთებს ყიდის.
ამავე ბაზრობაზე სხვა დასაქმებულების თქმით, ახალი პარკები გამძლეა სისველის მიმართ, ძალიან ჰგავს პოლიეთილენის პარკს, მაგრამ სხვა უსაფრთხო ნივთიერებებითაა დამზადებული. ჯერ ვერ შემოიტანეს, ვერ მოასწრეს დაზგების გადაწყობა და ახლის ყიდვა, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ პირველი აპრილიდან მხოლოდ ქაღალდის პარკების გამოყენება მოგვიწევს, რომელშიც სველ პროდუქტს - ყველს, თევზს ვერ ჩავდებთ, ვერ გაუძლებს.
პარკებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ თუ სექტემბრამდე არსებული ნაშთის ამოყიდვის შესაძლებლობას არ მისცემენ, ქუჩაში გამოვლენ და გააპროტესტებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ რეგლამენტის მიხედვით , პირველი აპრილიდან იკრძალება არსებული პარკების როგორც წარმოება, ასევე იმპორტი და რეალიზაცია და არ არის გათვალისწინებული არც ამოყიდვის და არც ვადების გაგრძელების შესაძლებლობა.
" მაღაზიებიც ცდილობენ, რომ შემოიტანონ ბიოდეგრადირებული პარკები. ასევე, იმპორტიორებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ აპრილის დასაწყისიდან შემოიტანონ ეს პარკები. ასევე, ადგილობრივი მწარმოებლებიც ნელ-ნელა გადაეწყობიან და დაიწყებენ ასეთი პროდუქციის წარმოებას. თუ მაღაზიები არ იქნებებიან მომზადებული, მაშინ მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალჯერადი მოხმარების ჩანთები გამოიყენონ. ან მაღაზიებს შეუძლიათ ალტერნატიული ქაღალდის პარკები შესთავაზონ მომხმარებლებს. ნებისმიერი რამ, რაც პლასტიკისგან არ იქნება დამზადებული და იქნება ეკოლოგიურად სუფთა, რომელიც არ მიაყენებს ზიანს არც გარემოს და არც ადამიანის ჯანმრთელობას“- აცხადებენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, ნელ-ნელა დაიწყება პლასტიკის სხვა ნივთების შეზღუდვა ქვეყანაში.
გარდა ამისა, დავინტერესდით, რა უნდა ქნან მოქალაქეებმა, რომლებსაც ისეთი პროდუქტის გატანა ენდომებათ მაღაზიიდან, რაც ქაღალდის პარკს დაასველებს და დისკომფორტს შეუქმნის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი განმარტავენ: " შეუძლიათ ალტერნატივები მოიძიონ, თუ ქაღალდი არა, სწორედ ამისთვისაა ეს ბიოდეგრადირებადი პარკი."
აღსანიშნავია ისიც, რომ პლასტიკის პარკი ბიოდეგრადირებული პარკისგან ვიზუალურად არ განსხვავდება, თუმცა ის ნაკლებად გამძლეა და ამ ტიპის პარკების დაშლას გარემოში 2 წელი სჭირდება.
თამარ იაკობაშვილი